Thumbnail

ლონდონში ბრიტანული მუსიკის ყოველწლიური დაჯილდოება Brit Awards 2021 გაიმართა. O2-ის არენაზე შეკრებილი მაყურებლების წინაშე პერფორმანსებით ისეთი ცნობილი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან: დუა ლიპა, ელტონ ჯონი, ოლი ალექსანდერი, ოლივია როდრიგო, The Weeknd, Coldplay და სხვები.

► ნახეთ: 2021 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

ალბანური წარმოშობის ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ დაჯილდოებაზე "საუკეთესო მუსიკოსი ქალის" კატეგორიაში გაიმარჯვა, მისი ნამუშევარი Future Nostalgia კი "წლის საუკეთესო ალბომად" დასახელდა. არტისტმა დაჯილდოებაზე სწორედ ამ ჩანაწერში შესული კომპოზიციების: Don’t Start Now, Physical, Hallucinate, Pretty Please და Love Again ნაწყვეტები იმღერა.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა და ახალგაზრდა არტისტმა, ოლი ალექსანდერმა, სოლო პროექტით Years & Years, მაყურებლის წინაშე ცნობილი სინთპოპ დუეტის Pet Shop Boys ჰიტის It's a Sin ქავერ ვერსია შეასრულეს. 

18 წლის ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი, ოლივია როდრიგო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით Drivers License წარდგა. ცნობილია, რომ კომერციულად წარმატებული სინგლის გამოცემის შემდეგ, არტისტმა პირველ ალბომზე SOUR იმუშავა, რომელიც 21 მაისს გამოიცემა.

"საუკეთესო უცხოელი მამაკაცი არტისტის" კატეგორიაში გამარჯვებულმა მუსიკოსმა, The Weeknd-მა კი დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოახერხა. ცერემონიაზე შეკრებილმა მაყურებლებმა მისი პერფორმანსის ჩანაწერი იხილეს. ვიდეოში არტისტი კომპოზიციას Save Your Tears ამერიკელ პროდიუსერ Oneohtrix Point Never-თან ერთად ასრულებს.

Brit Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ჯგუფმა Coldplay-მ ასევე წინასწარ გადაღებული პერფორმანსით მიიღო. მუსიკოსებმა მდინარე ტემზაზე მოწყობილ სცენაზე ახალხან გამოცემული სინგლი Higher Power შეასრულეს.

ბრიტანელმა დრილ არტისტმა Headie One კი სადებიუტო ალბომში Edna შესული ტრეკები: Ain’t It Different და Princess Cuts კოლეგებთან: AJ Tracey, Young T და Bugsey ერთად წარმოადგინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული