Thumbnail

Lil Nas X: ბილი აილიშის ძალიან შემშურდა, ამას გამართლება არ ჰქონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ქანთრი რეპერმა Lil Nas X ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბილი აილიშის შეშურდა, როდესაც 2020 წლის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში, გოგონას ჰიტმა Bad Guy გაიმარჯვა. ლილ ნას იქსი, რომელიც ბილის სიმღერით Old Town Road უწევდა კონკურენციას, მაშინ ფიქრობდა, რომ ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

Lil Nas X პასუხობს ბრალდებას, თითქოს წარმატების მისაღწევად მოიგონა, რომ გეია

"ჯანდაბა, მაინც როგორ მოხდა ეს? წლის ყველაზე დიდი ჰიტი ხომ ჩემია? რა უსამართლობაა-მეთქი, ვფიქრობდი", - იხსენებს მუსიკოსი.

22 წლის არტისტმა განმარტა, როგორ დაეხმარა კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში შინ გატარებული დღეები შურის დაძლევაში.

"მთელი ენერგია ბილისკენ მქონდა მიმართული. ამ შურს არანაირი გამართლება არ ჰქონდა. ჩემს თავს ვუთხარი - შენმა სიმღერამ რეკორდული დრო გაატარა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში, ისედაც ძალიან ბევრს მიაღწიე, კვლავ მოღვაწეობ და არსებობ. არანაირი საფუძველი არ გაქვს, რომ შეგშურდეს-მეთქი”, - ამბობს მუსიკოსი.

გრემის 62-ე დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერის ნომინანტთა ჩამონათვალი ასე გამოყურებოდა:

Billie Eilish - Bad Guy
Bon Iver - Hey, Ma
Ariana Grande - 7 Rings
H.E.R. - Hard Place
Khalid - Talk
Lil Nas X - Old Town Road ft. Billy Ray Cyrus
Lizzo - Truth Hurts
Sunflower Post Malone & Swae Lee - Sunflower

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული