Thumbnail

რატომ გამოდიოდა მაიკლ ჯექსონი სცენაზე შეხვეული თითებით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სასცენო გამოსვლები ყოველთვის ქორეოგრაფიით იყო დატვირთული. იმის გათვალისწინებით, რომ არტისტის ლაივები სტადიონებსა და გრანდიოზულ საკონცერტო დარბაზებში იმართებოდა, ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ბოლო რიგებში მყოფი მაყურებლებიც კი შეძლებდნენ მისი პერფორმანსისთვის თვალის მიდევნებას. დოკუმენტური ფილმის Michael Jackson's This Is It მიხედვით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მაიკლი სცენაზე გამოსვლამდე თითებზე თეთრი ფერის სამედიცინო სახვევებს იკეთებდა.

► რატომ იკეთებდა მაიკლ ჯექსონი კოსტიუმზე სამკლავურს

"მაიკლი სცენაზე თეთრი ფერის სახვევებით იმიტომ გამოდიოდა, რომ დარბაზში ყველას შეძლებოდა მისი თითების დანახვა და საცეკვაო მოძრაობების აღქმა", - განმარტავს მაიკლ ბირდენი, რომელიც არტისტის გარდაცვალების გამო ჩაშლილი საკონცერტო ტურნეს This Is It მუსიკალური ხელმძღვანელი იყო

მის თქმით, ამავე მიზანს ემსახურებოდა თეთრი ფერის წინდებიც, რაც ჯექსონის სასცენო იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო.

"თეთრი წინდებისა და სახვევების დამსახურებით, დარბაზის უკანა რიგებში მყოფი ფანები მის საცეკვაო მოძრაობებს უკეთ აღიქვამდნენ. თეთრი ფერი სინათლეს ირეკლავს, შესაბამისად, მაყურებლებს უადვილდებოდათ იმის დანახვა, რასაც მაიკლი სცენაზე აკეთებდა", - აღნიშნავს ბირდენი.

► რას ფიქრობდნენ მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრები მის პლასტიკურ ოპერაციებზე

მაიკლის თაყვანისმცემელთა ნაწილი მუსიკოსის თითებზე სახვევებს სხვა მიზეზით ხსნიდა. მათი აზრით, ეს მის დაავადებას, ვიტილიგოს უკავშირდებოდა, რომლის გამოც ჯექსონს კანის პიგმენტაციის პროცესი ჰქონდა დარღვეული. ისინი კანის დაავადებას უკავშირებდნენ იმ ფაქტსაც, რომ ჯექსონი სცენაზე ხშირად ცალი ხელთათმანით გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის ყოფილ პირად მცველს, მეტ ფიდესს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:

"მაიკლი კარგად ფლობდა მედიით მანიპულირების უნარებს. ზუსტად იცოდა, როგორ მოხვედრილიყო პრესის პირველ გვერდებზე. უმეტეს შემთხვევაში, მისი მეთოდები ამართლებდა - იქნებოდა ეს პირბადე, სახვევები თითებზე თუ ცხვირზე. ეს უკანასკნელი მას ყველაზე მეტად უყვარდა. მაიკლს სურდა, რომ მისი ცხოვრება სამყაროში ყველაზე დიდი თავსატეხი ყოფილიყო", - ამბობდა ფიდესი გამოცემისთვის Metro მიცემულ ინტერვიუში.

► როგორ ინიღბებოდა მაიკლ ჯექსონი, ხალხს რომ ქუჩაში ვერ ეცნო

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული