Thumbnail

ნახეთ: J. Cole ალბომის The Off-Season შესახებ დოკუმენტურ ვიდეოს აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

14 მაისს გაყიდვაში გავლენიანი ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯერმეინ ლამარ ქოულის, ფსევდონიმით J. Cole, ახალი ალბომი The Off-Season ჩაეშვება. წინა სტუდიური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ქოული ახალი ჩანაწერის პრომოუშენითაა დაკავებული. სინგლის Interlude გაავრცელების შემდეგ, რაც მის შემთხვევაში იშვიათად ხდება, სამხრეთელი მუსიკოსი აღნიშნული პროექტის შესახებ შექმნილ დოკუმენტურ ვიდეოს Applying Pressure: The Off-Season აქვეყნებს.

J. Cole საკალათბურთო კლუბთან Patriots BBC პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს

12-წუთიან ვიდეოში ალბომზე მუშაობის კადრები და რამდენიმე უცნობი ტრეკის ნაწყვეტი შევიდა. მასში ქოული თავისი ახალი ნამუშევრის კონცეპციის შესახებ საუბრობს და გვიამბობს, რომ სხვადასხვა არტისტთან, მათ შორის, პროდიუსერებთან თანამშრომლობა მისთვის კომფორტის ზონის დატოვებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის ბოლო სამ ალბომში შესრული ყველა კომპოზიცია სოლოა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითოეულის პროდიუსერი თავად ჯერმეინია. ამ ყველაფერს კი სამხრეთელი ემსი ასე ხსნის - ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სწორედ მისთვის არაკომფორტულ სიტუაციებში იცნობს.

ვიდეოში ქოული საკუთარი მუსიკალური კარიერის დასკვნით ფაზაში შესვლის თაობაზე მიგვანიშნებს. ასევე ვიგებთ, რომ მის მომავალ ალბომში წარმოდგენილი არაერთი კომპოზიცია წლების წინ არის შექმნილი.

ჯეი ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე ხუთი სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" სამი კომპილაციური ალბომი გაავრცელა. ბოლო მათგანი ROTD3 კოლექტივმა 2019 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული