Thumbnail

რეპერი J. Cole საკალათბურთო კლუბთან Patriots BBC პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, ჯერმეინ ლამარ ქოული, ფსევდონიმით J. Cole, ბავშვობის ოცნების ახდენასთანაა ახლოს. საქმე იმაშია, რომ ჩრდილოკაროლინელი ემსი რუანდის რესპუბლიკის საკალათბურთო კლუბთან Patriots BBC პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს და ამ გუნდის ღირსებას აფრიკის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას დაიცავს. გავრცელებულ ინფორმაციას სპორტული ტელეარხი ESPN ადასტურებს.

J. Cole: კოლეგების ტრეკებში აღარ მივიღებ მონაწილეობას

"მისი ოცნების ახდენის შემხედვარე, ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ქოულმა ნდობა გამომიცხადა. კვირაში ხუთი დღე, დღეში ორი-სამი საათი ვვარჯიშობდით და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა", - წერს რეპერის პირადი მწვრთნელი, ჯოზეფ ბრიქლი.

გერამანიის ქალაქ ფრანკფურტში დაბადებული ჯერმეინი პროფესიონალ კალათბურთელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, ქოული ჩრდილოეთ კაროლინაში არსებული კოლეჯის გუნდის ღირსებას იცავდა, თუმცა საბოლოოდ მან არჩევანი მუსიკაზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ რეპერმა 2020 წლის ზაფხულში კომპანია Puma-სთან თანამშრომლობით თავისივე დიზაინით შექმნილი საკალათბურთო ფეხსაცმელი RS-Dreamer გამოუშვა.

ნახეთ: ჯეი ქოულის მიერ შექმნილი სპორტული ფეხსაცმლის სარეკლამო ვიდეო

ქოულისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის პარალელურად, მუსიკოსი ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, სამხრეთელი რეპერი რიგით მეექვსე სტუდიურ ნამუშევარს The Off-Season გაყიდვაში 14 მაისს ჩაუშვებს. ჩანაწერის სინგლი Interlude კი ქოულმა მსმენელს 7 მაისს შესთავაზა.

ჯეი ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე ხუთი სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" სამი კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 2019 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული