Thumbnail

ელტონ ჯონი: ამ სიმღერას უკანასკნელად რომ შევასრულებ, წვეულებას მოვაწყობ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა ფეხბურთელ ტროი დინის პოდკასტში Deeney Talks მონაწილეობისას აღიარა, რომ საკუთარი კომპოზიცია Crocodile Rock სძულს და მას დღემდე მხოლოდ იმიტომ მღერის, რომ მსმენელებს უყვართ. ელტონმა გადაცემაში პირობა დადო, რომ მას შემდეგ, რაც 2023 წელს მისი მსოფლიო ტურნე Farewell Yellow Brick Road Tour დასრულდება, ამ სიმღერას აღარასდროს შეასრულებს.

► ნახეთ: ელტონ ჯონმა და დუა ლიპამ Bennie And The Jets და Love Again შეასრულეს

"მას შემდეგ, რაც Crocodile Rock-ს ბოლოჯერ ვიმღერებ, ალბათ, წვეულებას მოვაწყობ. თუმცა, ხალხს მისი მოსმენა უყვარს. ეს სიმღერა სახუმაროდ დაიწერა და დიდ ჰიტად იქცა. მსმენელებს მოსწონთ, როცა მას ჩემთან ერთად ჰყვებიან. ვინ ვარ მე, რომ ვთქვა - არ ვაპირებ მის შესრულებას-მეთქი? მე ხომ იმისთვის ვუკრავ და ვმღერი, რომ ხალხი გავართო და გავამხიარულო. თუმცა, მაინც უნდა ვთქვა, რომ როდესაც ჩემი ტურნეს ბოლო კონცერტს გავმართავ, მას აღარასდროს ვიმღერებ", - თქვა ელტონმა.

► ნახეთ: რინა სავაიამა და ელტონ ჯონი კომპოზიციას Chosen Family ავრცელებენ

Crocodile Rock ელტონ ჯონმა თავის მუსიკალურ პარტნიორ ბერნი ტოფინთან ერთად დაწერა. ალბომში Don't Shoot Me I'm Only the Piano Player შესული სიმღერა 1972 წელს გავრცელდა და შემსრულებლის პირველი სინგლი გახდა, რომელმაც აშშ-ს ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. 

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ოთხი გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021-22 წლებში დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული