Thumbnail

ნახეთ: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა დედის დღე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

9 მაისს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დედის დღე აღინიშნა. ცნობილმა მუსიკოსებმა სოციალურ ქსელებში, ტრადიციისამებრ, პოსტები გამოაქვეყნეს და ეს დღესასწაული საკუთარ მშობლებსა და თაყვანისმცემლებს მიულოცეს. მათ კი, ვისაც თავადაც ჰყავს შვილები, დაწერეს, რას ნიშნავს იყო დედა.

► ნახეთ, როგორ აღნიშნეს მუსიკოსებმა აღდგომა

მადონა

ლეგენდარულმა მუსიკოსმა თავისი ბავშვობის ფოტოს ფონზე გადაღებული კადრი გაავრცელა. შავ-თეთრ სურათს, რომელზეც პატარა მადონა ლუიზა ჩიკონე დედასთან ერთად არის აღბეჭდილი, 62 წლის არტისტმა გარდაცვლილი მშობლისადმი მიძღვნილი ტექსტი დაურთო.

"ამ დღეს გილოცავ, დედა. უშენოდ თავი არ წარმომიდგენია. შენი დაკარგვა იყო ის, რამაც ყველაფერს ბიძგი მისცა. მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს, სიამაყის საფუძველი მოგეცი", - წერს შემსრულებელი, რომელსაც დედა 1963 წელს გარდაეცვალა.

მუსიკოსმა ამ ფოტოს გვერდით თავისი შვილების სურათებიც გამოაქვეყნა.

ტრევის სკოტი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ინსტაგრამზე მილიარდერი ტელევარსკვლავის, კაილი ჯენერისა და მათი შვილის, სთორმის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით:

"იმ ყველაფერს შორის, რაც ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის, დიდი რამ იქნება ეს, თუ მცირე, ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დედის სიყვარული, ბრაზი და სინაზეა".

შემდეგ კი საკუთარ დედას, ვანდა ვებსტერს მიუძღვა პოსტი: 

"ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემი ხარ - საუკეთესო, მზრუნველი და ძლიერი".

არიანა გრანდე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა თავისი ბავშვობის დროინდელი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელშიც დედის, ჯოან გრანდეს გვერდით არის აღბეჭდილი.

"ყველაზე ბრწყინვალე, კეთილი, ძლიერი, მხიარული და ხელგაშლილი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ. მადლობელი ვარ, სულ შენი პატარა ვიქნები. მიყვარხარ და მინდა, ყოველდღე ბედნიერი დედის დღე გქონდეს", - ასათაურებს მომღერალი პოსტს.

ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა დედის დღეს ინსტაგრამზე არაერთი პოსტი გაავრცელა, რომელიც დედას, გვადალუპე როდრიგესს და ტყუპ შვილებს, ემასა და მაქსს მიუძღვნა. მან ახლახან გამართულ კონცერტზე გადაღებული კადრიც გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად სცენაზე მყოფი დედა იმ სიმღერას ასრულებს, რომელსაც პატარაობისას უმღეროდა.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა კონცერტისას სცენაზე დედა გამოიყვანა

რა გასაოცარი და მშვენიერი მომენტია პუბლიკის წინაშე სცენაზე დედასთან ერთად სიმღერა. დედის დღეს გილოცავთ, - წერს ჯეილო.

ჯასტინ ბიბერი

კანადელმა პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე დედასთან, პეტ მალეტთან ერთად წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

"შემიძლია მოვყვე, რამდენი მსხვერპლი გაიღე ცხოვრებაში, რომ ჩემზე გეზრუნა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი, რის გაკეთებაც შეგეძლო, ის არის, რომ იესოს სიყვარული მასწავლე და ჩემს რწმენას მაზირე. ასწავლეთ ბავშვს, რა გზით უნდა იაროს ცხოვრებაში. საკუთარი ამპარტავნობის გამო რამდენიმე წელი ფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრებიდან ეს გაკვეთილი ამოვშალე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ძირს დავცემულიყავი. სწორედ მაშინ გამახსენდა, რაც შენგან ვისწავლე - იესოს ვუყვარვარ და მპატიობს. ამან ჩემი ცხოვრება იხსნა. მადლობა, დედა, რომ ისეთი რამ მიწილადე, რაც ჩემთან სამუდამოდ დარჩება. ეს საუკეთესო საჩუქარია, რისი მიღებაც შემეძლო".

მერაია ქერი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ტყუპ შვილებთან, მონროსა და მოროკანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

"შეუძლებელი არაფერია... ბედნიერ დედის დღეს გისურვებთ!".

ბილი აილიში

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა ინსტაგრამის სთორიში დედის, მეგი ბირდის ფოტო გამოაქვეყნა.

"ბედნიერ დედის დღეს გისურვებ, ჩემო ტკბილო, ძვირფასო დედა", - წერს 19 წლის გოგონა.

ფინეას ო'კონელი

ბილის ძმამ და მუსიკალურმა პარტნიორმა კი ინსტაგრამზე 2018 წელს გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეგი ბირდს დედის დღეს ულოცავდა.

"თუ რამეს შეუძლია ცხოვრების საზომი ერთეული გახდეს, დაე, ეს სიყვარული იყოს. სამუდამოდ მიყვარხარ, დედა", - ასათაურებს ის პოსტს.

სელინ დიონი

ცნობილმა კანადელმა მუსიკოსმა შვილებთან ერთად ბუნებაში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

"ვის აქვს საუკეთესო დღე, მე თუ ბავშვებს? დედობა დიდი პრივილეგიაა. ყველას გილოცავთ. დატკბით ყველა მომენტით. შეიძლება, რომ უკეთესის მოლოდინში ვიყო? გაგრძელება იქნება... სიყვარულით, სელინი", - დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე.

ჯენი

დედის დღე სამხრეთ კორეაშიც აღნიშნეს. პოპულარული ჯგუფის Blackpink წევრმა, ჯენიმ ინსტაგრამზე დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ჩემი საუკეთესო მეგობარი. მიყვარხარ, დედა", - წერს გოგონა.

ჯონ ლეჯენდი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ტელევარსკვლავ კრის ტეიგენს დედის დღე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოსურათებით მიულოცა.

"ბედნიერ დედის დღეს ვუსურვებ ჩემს შესანიშნავ ცოლს. ეს იყო წელი, რომელმაც ბევრი გამოცდა მოგიწყო, მაგრამ შენ უფრო გაძლიერდი, დაბრძენდი, გალაღდი და საუკეთესო დედა გახდი. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ჩემი პარტნიორი, ინსპირაციის წყარო და საუკეთესო მეგობარი ხარ", - მიმართა მუსიკოსმა ცოლს, რომელსაც გასული წლის ოქტომბერში ორსულობის მეხუთე თვეზე მუცელი მოეშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული