Thumbnail

ნოელ გალაჰერი: პანდემია რომ არა, ახალი სიმღერების დასაწერად დრო არ მექნებოდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა BBC Radio 6-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა. საკულტო მანჩესტერული კოლექტივის Oasis ყოფილი წევრის თქმით, რომ არა კარანტინი, მას ახალი კომპოზიციების დასაწერად დრო არ ექნებოდა.

► ნახეთ: ნოელ გალაჰერის ჯგუფის ახალი კლიპი მსახიობ მეთ სმიტის მონაწილეობით

"პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის ყოველი დღე მძულდა. შემზარავია ყველაფერი ის, რაც კორონავირუსმა კაცობრიობას, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს დაატეხა თავს. თუმცა, 2019 წელს ტურნედან დაბრუნების შემდეგ 2023 წლამდე პაუზის აღებას ვაპირებდი. გამგზავრებისას, ორი პატარა შვილი დავტოვე. როდესაც დავბრუნდი, ერთს უკვე ულვაში ჰქონდა ამოსული, მეორე კი სამკაულებს ატარებდა. ამიტომ, რამდენიმე წლით დასვენება და ოჯახთან მეტი დროის გატარება მქონდა გადაწყვეტილი. პანდემიამ კი ალბომზე მუშაობის გაგრძელების საშუალება მომცა. ვირუსის დამსახურებით ახლა იმაზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში მექნებოდა", - განაცხადა გალაჰერმა.

ამჟამად მუსიკოსი დელუქს ალბომზე Back The Way We Came: Vol 1 (2011-2021) მუშაობს. ჩანაწერი ნოელის ბენდის Noel Gallagher’s High Flying Birds ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად, 11 ივნისს გამოიცემა. მუსიკოსმა გასულ კვირაში ნამუშევრის პირველი სინგლიც We’re On Our Way Now გაავრცელა.

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის Oasis დაშლის შემდეგ, ნოელმა 2011 წელს საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა დღეისთვის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული