Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა ბრაიან ჯონსონთან ერთად კომპოზიცია Back In Black შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში მდებარე სტადიონზე SoFi საერთაშორისო ორგანიზაციამ Global Citizen საქველმოქმედო მუსიკალური ღონისძიება Vax Live: The Concert to Reunite the World გამართა. კონცერტში სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Foo Fighters მიიღო. კოლექტივმა სცენაზე ლეგენდარული AC/DC-ის ფრონტმენი, ბრაიან ჯონსონი მიიწვია და მასთან ერთად ამ ბენდის ჰიტი Back In Black შეასრულა.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა კონცერტისას სცენაზე დედა გამოიყვანა

Vax Live კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტია. Global Citizen-ის ცნობით, მას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი უკვე სრულად აქვთ გავლილი. ღონისძიების მიზანი სახელმწიფოების, კორპორაციებისა თუ ფილანთროპების მიერ ჯამში 22 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გაღებისკენ მოწოდება იყო, რაც ღარიბი ქვეყნების ვაქცინის 2 მილიარდი დოზითა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებისთვისაა საჭირო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოუს შედეგად 302 მილიონი დოლარისა და ვაქცინის 26 მილიონი დოზის მობილიზება გახდა შესაძლებელი.

მუსიკოსები, რომლებიც კორონავირუსზე აიცრნენ

თითქმის ორსაათიან კონცერტს, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გადაიცა, პოპვარსკვლავი სელენა გომესი უძღვებოდა. Foo Fighters-ის გარდა, სცენაზე ასევე ცნობილი გრანჟ ბენდის Pearl Jam ვოკალისტი ედი ვედერი, ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი, კოლუმბიელი მუსიკოსი J Balvin, ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი H.E.R. და სხვა არტისტები გამოვიდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული