Thumbnail

Pop Smoke-ის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

20 წლის ამერიკელი რეპერის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის წინასასამართლო მოსმენა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს ჩატარებულ სხდომაზე ჩვენება ლოს ანჯელესის პოლიციის დეტექტივმა, კარლოს კამაჩომ მისცა, რომელმაც დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები გაამჟღავნა. როგორც New York Daily News მის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, მუსიკოსი სასიკვდილოდ 15 წლის მოზარდმა დაჭრა .

ფოფ სმოუქმა ემინემის რეკორდი გააუმჯობესა

დეტექტივის ჩვენების მიხედვით, ფოფ სმოუქი ლოს ანჯელესში, Airbnb-ზე ნაქირავებ სახლში შხაპს იღებდა, როდესაც ღამის 4 საათზე შენობაში მძარცველები შეიჭრნენ. არტისტი თავდაპირველად ბოროტმოქმედების მოთხოვნებს ემორჩილებოდა, თუმცა რაღაც მომენტში მათ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც გასროლა მოჰყვა. კამაჩოს ინფორმაციით, ბრალდებულების მიზანი Rolex-ის მარკის ბრილიანტის საათის მოპარვა იყო, რომელიც მუსიკოსის მაჯაზე სოციალური ქსელების საშუალებით შენიშნეს. მათ მართლაც მოახერხეს ამ ნივთის ხელში ჩაგდება და მოგვიანებით 2 ათას აშშ დოლარად გაყიდეს.

“მათ რეპერის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტიდან შეიტყვეს, რომ ის ჰოლივუდ ჰილზის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში რჩებოდა. მისამართი კი სურათზე აღბეჭდილ სასაჩუქრე ყუთზე ამოიკითხეს", - წერს კიდევ ერთი გამოცემა Digital Music News.

სავარაუდოდ, ფოტოებზე სწორედ ის საათი ჩანს, რომლის გამოც ფოფ სმოუქს თავს დაესხნენ.

სასამართლო მოსმენაზე ასევე ითქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა 15 წლის მოზარდმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ციხეში ინფორმატორის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში მკვლელობა აღიარა.

“მან თქვა, რომ "ბერეტას" მარკის 9-მილიმეტრიანი პისტოლეტით მსხვერპლს სამჯერ ესროლა. ასევე აღიარა, რომ თანამზრახველებთან ერთად რეპერისგან ძვირფას ნივთს ითხოვდა. შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მისი მისამართით სამი ტყვია გაისროლა. ბრალდებულისვე თქმით, მოკლულს ზურგში ესროლა", - ციტირებს კარლოს კამაჩოს სიტყვებს Digital Music News.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მუსიკოსს გასული წლის 19 თებერვალს ლოს ანჯელესში მდებარე სახლში თავს ოთხი პირი დაესხა. მეხუთე, 20 წლის ქორი უოლკერი კი თანამზრახველებს მანქანაში ელოდებოდა. იმავე ზაფხულს დანაშაულზე ხუთი პირი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. მკვლელობის მოტივად თავიდანვე ძარცვა დასახელდა. ლოს ანჯელესის პოლიციის დეტექტივებმა დაადასტურეს, რომ ყველა თავდამსხმელი ერთი ბანდის წევრი იყო.

ნახეთ: ფოფ სმოუქის კლიპი AP გავრცელდა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული