Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა კონცერტისას სცენაზე დედა გამოიყვანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საერთაშორისო ორგანიზაციამ Global Citizen კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში მდებარე  სტადიონზე SoFi კონცერტი სახელწოდებით Vax Live: The Concert to Reunite the World გამართა, რომლის მონაწილეებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უფრო მასშტაბური და სამართლიანი განაწილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სხვა ცნობილ არტისტთან ერთად, მაყურებელმა ღონისძიებაზე ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესიც იხილა, რომელმაც ნილ დაიმონდის კომპოზიცია Sweet Caroline შეასრულა. სიმღერის დაწყებამდე ჯეილომ დარბაზში შეკრებილებს მიმართა:

პირველად ჩემს ცხოვრებაში, წელს შობას დედასთან ერთად ვერ შევხვდი, მაგრამ მას უკვე გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და დღეს ჩემს გვერდითაა. როდესაც ვფიქრობდი, რა შემესრულებინა ამ კონცერტზე, გამახსენდა სიმღერა, რომელსაც ის პატარაობისას მიმღეროდა".  

კომპოზიციის შესრულებისას 51 წლის არტისტს სცენაზე დედა, გვადალუპე როდრიგესი შეუერთდა, რომელმაც შვილს Sweet Caroline-ის მისამღერი შეცვლილი ტექსტით Sweet Jennifer უმღერა.

Vax Live კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტია. Global Citizen-ის ცნობით, მას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი უკვე სრულად აქვთ გავლილი. ღონისძიების მიზანი სახელმწიფოების, კორპორაციებისა თუ ფილანთროპების მიერ ჯამში 22 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გაღებისკენ მოწოდება იყო, რაც ღარიბი ქვეყნების ვაქცინის 2 მილიარდი დოზითა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებისთვისაა საჭირო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოუს შედეგად 302 მილიონი დოლარისა და ვაქცინის 26 მილიონი დოზის მობილიზება გახდა შესაძლებელი.

► მუსიკოსები, რომლებიც კორონავირუსზე აიცრნენ

თითქმის ორსაათიან კონცერტს, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გადაიცა, პოპვარსკვლავი სელენა გომესი უძღვებოდა. ჯენიფერ ლოპესის გარდა, სცენაზე ასევე ცნობილი გრანჟ ბენდის Pearl Jam ვოკალისტი ედი ვედერი, პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფი Foo Fighters, კოლუმბიელი მუსიკოსი J Balvin, ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი H.E.R. და სხვა არტისტები გამოვიდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული