Thumbnail

კურტ კობეინის თმის ღერები აუქციონზე იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სააუქციონო სახლმა Iconic Auctions გასაყიდად ლეგენდარული როკ ჯგუფის Nirvana ვოკალისტის, კურტ კობეინის თმის ექვსი ღერი გამოიტანა. ისინი მას შემდეგ ინახებოდა, რაც მუსიკოსმა 1989 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომის Bleach მხარდამჭერი ტურნეს დროს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ყოფნისას მეგობარს თმა შეაჭრევინა. ლოტის საწყისი ფასი 2,500 დოლარია. 

► კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი კურტ კობეინის თმის ღერები

"ეს უნიკალური არტეფაქტი ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და ისეთ ნივთებთან ერთად იყიდება, როგორიცაა კურტისა და იმ ქალის სურათები, რომელმაც მუსიკოსს თმა შეჭრა", - ვკითხულობთ აუქციონის ვებგვერდზე.

ტესა ოსბორნმა, რომელმაც ბირბინგემში მყოფი კობეინის ვარცხნილობაზე იზრუნა, 1994 წელს მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ მისი თმის ღერები სიეტლელ ხელოვანს, ნიკოლ დეპოლოს აჩუქა. ამ უკანასკნელის შემდეგ კი ისინი ჯონ რეზნიკოფის ხელში აღმოჩნდა, რომელიც 2014 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ცნობილი ადამიანების თმების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი. 

აუქციონი სახელწოდებით Amazing Music Auction მიმდინარე წლის 6-დან 15 მაისამდე გაგრძელდება. მასზე Nirvana-სთან ერთად, ისეთ ჯგუფებთან და მუსიკოსებთან დაკავშირებული ნივთებია წარმოდგენილი, როგორიც არიან Led Zeppelin, The Beatles, ბობ დილანი, ერიკ კლეპტონი და სხვა.

► უკანასკნელი სიმღერა, რომელიც კურტ კობეინმა სცენაზე შეასრულა

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული