Thumbnail

მსახიობმა ესმე ბიანკომ მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სატელევიზიო ქსელ HBO-ს პოპულარული სერიალის, Game Of Thrones-ის მსახიობმა, ესმე ბიანკომ ცნობილ მუსიკოს მერილინ მენსონს სასამართლოში უჩივლა. 38 წლის ქალი არტისტს სექსუალურ ძალადობასა და სექს-ტრეფიკინგში ადანაშაულებს. ამას წინ უძღოდა თებერვალში, ონლაინ ჟურნალისთვის The Cut მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ბიანკომ პირველად წაუყენა მერილინს ბრალდებები. ქალის მტკიცებით, მენსონი 2009-11 წლებში სხვადასხვა ფორმით ახდენდა მასზე ზეწოლას. გამოცემა TMZ-ის ცნობით, პოლიციას მსახიობთან გასაუბრება სურს, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღოს სავარაუდო დანაშაულის შესახებ.

სტილისტი: მერილინ მენსონის სახლში შუშის გალია ვნახე, რომელშიც ქალებს ატყვევებდა

"ბიანკომ სასამართლოს სექსუალური ძალადობის გამო მიმართა, თუმცა, სარჩელში არ არის დაკონკრეტებული, შეატყობინა თუ არა სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიციას. ჩვენი წყაროები სამართალდამცველი უწყებებიდან ამბობენ, რომ მასთან გასაუბრებას აპირებენ", - წერს "თიემზი".

ესმე ბიანკო მერილინთან ერთად მის ყოფილ მენეჯერს, ტონი ჩიულასაც უჩივის. როგორც კალიფორნიის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელშია აღნიშნული, მუსიკოსმა და მისმა მენეჯერმა ტრეფიკინგის შესახებ კანონი დაარღვიეს. ბიანკოს თქმით, მათ ის ლონდონიდან შეერთებულ შტატებში მერილინის სიმღერაზე I Want To Kill You Like They Do In The Movies კლიპში გადასაღებად და ასევე საშინელებათა ფილმში Phantasmagoria მონაწილეობის მისაღებად ჩაიყვანეს, თუმცა, არცერთი პროექტი აღარ განხორციელებულა.

"ჩემს მოძალადეს დიდი ხნის განმავლობაში არავინ ამოწმებდა, პირიქით, ფულითა და პოპულარობით იყო გაყოყოჩებული და მუსიკის ინდუსტრიაც თვალს იბრმავებდა. ჩემი მიზანია, მას აღარავის ცხოვრების განადგურების საშუალება არ მიეცეს. ასევე მინდა, ყველა მსხვერპლი წავახალისო, რომ მათაც აღადგინონ თავიანთი წილი სამართლიანობა", - დაწერა მსახიობმა ტვიტერზე.

ბიანკო ჯერ კიდევ თებერვალში აღწერდა, როგორ აღმოჩნდა პირველად მენსონის სახლში ზემოაღნიშნული კლიპის გადასაღებად. მისი თქმით, მენსონმა თვითმფრინავის ბილეთი გაუგზავნა, რათა ლონდონიდან ლოს ანჯელესში ჩაფრენილიყო. ვიდეორგოლში მას უნდა განესახიერებინა ქალი, რომელიც მუსიკოსმა მოიტაცა და სახლში დაამწყვდია, მერილინს კი ეს ყველაფერი სამოყვარულო კამერით უნდა გადაეღო.

"მე მსხვერპლი მჭირდება, რომელიც ჩემი საყვარელი იქნება. თავის მოჩვენება მოგიწევს, თითქოს მოგწონს, როგორც გექცევი", - მისწერა არტისტმა ესმეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მსახიობი იხსენებს, რომ, როგორც კი ის გადასაღებ მოედანზე მოხვდა, ზღვარი ხელოვნებასა და რეალობას შორის წაიშალა.

"მომდევნო სამი დღე მხოლოდ საცვალი მეცვა, თითქმის არ მძინებია და არ მიჭამია. მენსონი საჭმლის ნაცვლად კოკაინს მაძლევდა. ერთ მომენტში ის წყობიდან გამოვიდა და კამერა სახანძრო სიგნალიზაციას ესროლა, აიღო და მალევე ძალადობაზე გადავიდა. კაბელებით სალოცავ კათედრაზე მიმაბა, შოლტს მირტყამდა, შემდეგ კი ჭრილობებზე სექს-სათამაშოს მადებდა. თავზარდაცემული ვიყავი, მაგრამ სიმშვიდე რომ შემენარჩუნებინა, ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ მენსონი, უბრალოდ, როლში იყო შეჭრილი და შედეგად დიდებულ ნამუშევარს მივიღებდით", - იხსენებს ქალი.

ესმეს თქმით, ლონდონში დაბრუნებულს მერილინმა მისი გაროზგილი ზურგის ფოტო გაუგზავნა წარწერით "სექსუალობის დაბრუნება". აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მსახიობი ძალადობის წინააღმდეგ ტვიტერზე დაწყებულ კამპანიას I Am Not Ok შეუერთდა და დაწერა, რომ ერთხელ მას გადაუღეს, როგორ სცემეს და ეს "ხელოვნების" სახელით შეფუთეს. მან გაროზგილი ზურგის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ის კადრია, რომელიც, მისივე თქმით, მენსონმა გადაღებების შემდეგ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.

ესმეს მონათხრობით, არტისტთან ურთიერთობა ამ შემთხვევის შემდეგაც გააგრძელა და მისგან მრავალჯერ გახდა ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

Game Of Thrones-ის მსახიობი, ესმე ბიანკო: მერილინ მენსონი ნაჯახით გამომეკიდა

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მერილინ მენსონს სულ მცირე ათმა ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ, ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაში. არტისტმა ბრალდებებს "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა და აღნიშნა, რომ ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორებთან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული