Thumbnail

ბილი აილიში: სხეულის გამოჩენის გამო პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში მარტში თაყვანისმცემლების წინაშე შეცვლილი ვარცხნილობით გამოჩნდა. 19 წლის არტისტმა შავ-ნეონისფერი თმა, რომელსაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად ატარებდა, ქერად შეიღება, ახლახან კი ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიისთვის განსხვავებული ჩაცმულობა მოიხდინა - გოგონა მისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის ტანსაცმლის ნაცვლად, სურათებში სხეულზე მომდგარი სამოსით არის აღბეჭდილი. გამოცემასთან ინტერვიუში ბილიმ განმარტა, როგორ გრძნობს თავს ახალ იმიჯში.  

► ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

► ნახეთ: როგორ იცვლიდა ბილი აილიში თმის ფერს წლების განმავლობაში

"თმის ფერის შეცვლის შემდეგ თავს უფრო ქალურად ვგრძნობ. ფოტოებში კი კლასიკური ჩაცმულობით ვარ, ისეთით, ძველი დროის პოსტერებზე რომ გვინახავს", - აღნიშნა გოგონამ.

მუსიკოსმა აგრეთვე ისაუბრა, როგორ მოქმედებს სამოსი ქალების შესახებ სტერეოტიპული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე და როგორი უნდა იყოს ამაზე საპასუხო რეაქცია.

"ნუ შეიქმნი ჩემზე ზედმეტ წარმოდგენებს მხოლოდ იმის გამო, რომ ფიზიკურად მიგიზიდე. პატარაობაში ჩემი დეპრესიის ძირითადი მიზეზი სწორედ სხეული იყო... ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მინდა. მთავარია, შენ რა გაგრძნობინებს თავს კარგად. თუ ეს პლასტიკური ოპერაციაა, მაშინ გაიკეთე; თუ ისეთი კაბის ჩაცმა გინდა, რომლისთვისაც, ვინმეს აზრით, ზედმეტად დიდი ზომის ხარ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ შენ ფიქრობ, რომ კარგად გამოიყურები, ესე იგი ასეცაა.

უცებ მეძავი, ბო*ი და ადვილად მისაწვდომი ხდები, რადგან კანის გამოჩენის სურვილი გაგიჩნდა. თუ ასეთი ვარ, მაშინ ვამაყობ. გოგონებმა ეს ისე უნდა შემოვატრიალოთ, რომ ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ. საკუთარი სხეულის და კანის ჩვენება-არჩვენებით სხვის პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ. მართლა ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი კაცების სისუსტეშია. შენ რა, გგონია, რომ ბიჭზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენ, თუ ეს კაბა გეცმება? კარგი რა, ასეთი გაუბედავი როგორ უნდა იყო", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული