Thumbnail

ქალი, რომელმაც გატაცებული ძაღლები ლედი გაგას დაუბრუნა, 4 პირთან ერთად დააკავეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამართალდამცველებმა პოპვარსკვლავ ლედი გაგას ძაღლების მომვლელის, რაიან ფიშერის დაჭრისა და მომღერლის შინაური ცხოველების გატაცების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს. მათ შორის არის ქალი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმიდან ორ დღეში გაგას ფრანგული ბულდოგები ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანა მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა ძაღლების დაბრუნების სანაცვლოდ ჯილდოდ ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი დააწესა. მაშინ დეტექტივებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა.

ნახეთ: ლედი გაგამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი Creative Freedom is Power გაავრცელა

ლედი გაგას ძაღლები: კოჯი, გუსტავი და აზია

პოლიციის ინფორმაციით, ჯენიფერ მაკბრაიდმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ძაღლები ქუჩაში იპოვა და ჯილდოს მიღება სურდა. დეტექტივებმა მასზე ეჭვი მიიტანეს და ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მისი დანაშაულთან კავშირი დაადგინეს. უშუალოდ შეიარაღებული ძარცვისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებით კი ხუთშაბათს დააკავეს სამი პირი, 18 წლის ჯეიმს ჯექსონი, 27 წლის ლაფაიეთ ვეილი და 19 წლის ჯეილინ უაითი. პატიმრობაშია ამ უკანასკნელის მამა, ჰაროლდ უაითიც, რომელსაც დანაშაულში მონაწილეობასა და აგრეთვე იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან. როგორც გამოცემა The Guardian იტყობინება, დეტექტივები ფიქრობენ, რომ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, წინასწარ არ იცოდნენ, ვის ეკუთვნოდა ძაღლები.

"მათი აზრით, დანაშაულის მოტივი იყო ის, რომ ფრანგული ბულდოგები ძვირად ფასობენ", - წერს გამოცემა.

შემთხვევა 24 თებერვალს, ჰოლივუდის დასახლებაში მოხდა - ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, როცა მომვლელი რაიან ფიშერი მომღერლის სამ ძაღლთან ერთად სიერა ბონიტას ქუჩაზე გადაადგილდებოდა. კოჯი და გუსტავი თავდამსხმელებმა გაიტაცეს, მესამე ბულდოგმა, აზიამ კი გაქცევა მოახერხა. ის იმავე ღამეს იპოვა პოლიციამ. რაც შეეხება ძაღლების მომვლელს, ის საავადმყოფოში გადაყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ფილტვის ნაწილის ამოკვეთა დასჭირდა. სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ფიშერი ბოროტმოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.

გაგამ, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იტალიაში, რომში იმყოფებოდა რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმის Gucci გადაღებებზე, ფიშერს თავგანწირვისთვის მადლობა ტვიტერის საშუალებით გადაუხადა.

ნახეთ: ლედი გაგას პირველი ფოტო ფილმის House Of Gucci გადაღებებიდან

"რაიან ფიშერ, შენი სიცოცხლე ჩაიგდე საფრთხეში ჩვენი ოჯახის დასაცავად. მიყვარხარ და სამუდამო გმირად დარჩები", - მიმართა მან რაიანს.

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული