Thumbnail

Rammstein-ის კლიპის გაზიარების გამო რუსეთში მამაკაცს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

რუს გარემოსდამცველ აქტივისტსა და არხანგელსკის ოლქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რეგიონალური ოფისის ყოფილ კოორდინატორ ანდრეი ბოროვიკოვს ლომონოსოვის რაიონის სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბოროვიკოვის პატიმრობის მიზეზი 2014 წელს მის მიერ სოციალურ ქსელ VKontakte-ში გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის სიმღერის Pu**y კლიპის გაზიარება გახდა. საგამოძიებო უწყება თვლიდა, რომ ვიდეოს კულტურული ღირებულება არ აქვს და ანდრეის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებას ედავებოდა. ბოროვიკოვის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

Rammstein-ის კრისტიან ლორენცი: ახალი ალბომი უკვე ჩავწერეთ

ანდრეი ბოროვიკოვი სასამართლოსთან

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International მოსკოვის ოფისის დირექტორი, ნატალია ზვიაგინა აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო.

"ბოროვიკოვის მიმართ გამოტანილი განაჩენი სასამართლოს დაცინვაა და მეტი არაფერი, ეს ბრალდება სრული აბსურდია. ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევნიათ, მსგავსი გზებით კრიტიკოსების გაჩუმების ნაცვლად, ადამიანების უფლებების გაუმჯობესებაზე იფიქრონ და ის კრიზისი დაძლიონ, რომელიც თავადვე შექმნეს ქვეყანაში. წარმოუდგენელია, ასეთ ფაქტს სასამართლო, უბრალოდ, განსახილველადაც რომ იღებს", - აცხადებს ზვიაგინა.

ანდრეი ბოროვიკოვი

განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "რამშტაინის" წამყვანი გიტარისტი, რიხარდ კრუსპე.

"მედიიდან გავიგე, რომ ანდრეი ბოროვიკოვს ბრალი იმის გამო წაუყენეს, რომ სოციალურ ქსელში კლიპი Pu**y გააზიარა. ვწუხვარ, რომ ის ამ მიზეზით დააკავეს. ნამდვილად შოკისმომგვრელი ფაქტია. "რამშტაინი" თავისი შემოქმედებით ყოველთვის თავისუფლების მხარეს დგას და აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს", - წერს კრუსპე ინსტაგრამის გვერდზე.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ბოროვიკოვის ოფისში მოხალისედ მუშაობდა, ანდრეი ფარულად გადაიღო იმ დროს, როდესაც ის სწორედ ზემოაღნიშნულ კლიპზე საუბრობდა და 6 წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს შლიდა. პროკურატურის განცხადებით, ბოროვიკოვის მიერ გაზიარებული ვიდეორგოლი მინიმუმ ორმა ადამიანმა იხილა, რაც პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით ბრალის წასაყენებლად საკმარისი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული