Thumbnail

BTS-მა და ჯასტინ ბიბერმა შესაძლოა, ერთობლივი სიმღერა გამოუშვან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა და პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS შესაძლოა, თაყვანისმცემლებს ერთობლივი კომპოზიცია შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Page Six ავრცელებს. ტაბლოიდი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნამუშევარი, სავარაუდოდ, ჯასტინის ახალი ალბომის Justice დელუქს ვერსიაში შევა.

ჯასტინ ბიბერი ალბომში მარტინ ლუთერ კინგის სიტყვების გამოყენების გამო გააკრიტიკეს

"არ ჩქარობენ, სურთ, დარწმუნდნენ, რომ ეს ნამუშევარი სათანადოდ იქნება მომზადებული. ტრეკი შესაძლოა, Justice-ის დელუქს ვერსიისთვის ჩაიწეროს, რათა ალბომმა ჩარტები არ დატოვოს", - ამბობს წყარო.

არტისტებს ერთმანეთის მიმართ სიმპათია არაერთხელ გამოუხატავთ. კოლექტივის წევრს, ჯონგუქს ბიბერის არაერთი სიმღერა აქვს დაქავერებული. თავად ჯასტინმა კი გასულ წელს E! News-თან საუბარში აღნიშნა:

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქმა ჯასტინ ბიბერისა და Dan + Shay-ს 10,000 HOURS დააქავერა

"თუ ვინმემ იცის, როგორ შექმნას ისტორია, ეს "ბითიესია". კეიპოპ ჯგუფი მსოფლიო მუსიკის ინდუსტრიის მასშტაბით ხსნის რეკორდებს".

სავარაუდო თანამშრომლობას წინ უძღოდა სიახლე, რომლის მიხედვითაც ბენდის კომპანიამ Hybe, რომელიც წარსულში Big Hit Entertainment-ის სახელით იყო ცნობილი, ჯასტინ ბიბერის, არიანა გრანდეს, დემი ლოვატოს, ჯეი ბალვინისა და სხვა ცნობილი არტისტების მენეჯერის, სკუტერ ბრაუნის კომპანია Ithaca Holdings შეიძინა. აპრილის ბოლოს აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კოლექტივი თავის მომავალ ალბომში დასავლელ ვარსკვლავთან თანამშრომლობით ჩაწერილი კომპოზიციის შეტანას აპირებს.

"წყაროზე დაყრდნობით, BTS წამყვან დასავლელ არტისტთან კოლაბორაციაზე მუშაობს თავისი მომავალი ალბომისთვის. ის იმავე მუსიკალურ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც ჯგუფი", - იტყობინებოდა ტვიტერზე Buzzing Pop.

მაშინ ფანების დიდმა ნაწილმა ივარაუდა, რომ ეს არტისტი არიანა გრანდე ან ჯასტინ ბიბერი იქნებოდა.

ცნობილი მუსიკოსები, რომლებთანაც BTS-ის წევრებმა ინდივიდუალურად ითანამშრომლეს

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

ხოლო ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული