Thumbnail

J. Cole-ის ალბომი The Off-Season, სავარაუდოდ, მაისში გავრცელდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

უკვე მესამე წელია, მსმენელი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი წარმომადგენლის, ჯერმეინ ლამარ ქოულის, ფსევდონიმით J. Cole, ახალი ალბომის მოლოდინშია. როგორ ჩანს, ჩრდილოკაროლინელი ემსის სტუდიური ნამუშევარი ახლო მომავალში გამოიცემა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერმეინის მეგობარმა და გაერთიანება "დრიმვილის" წევრმა, ბასმა 29 აპრილს გაავრცელა. მისი განცხადებით, ქოულის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 13 მაისს ჩაეშვება.

J. Cole: კოლეგების ტრეკებში აღარ მივიღებ მონაწილეობას

პირველ მაისს კი ალბომზე The Off-Season მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურობა თავად ქოულმა განამტკიცა. საკუთარი სტუდიური ჩანაწერით მოხიბლულმა სამხრეთელმა რეპერმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით გვიამბო, რომ ქალაქში გადაადგილებისას თავის ახალ ნამუშევარს უსმენდა.

"ქუჩაში გადაადგილებისას The Off-Season-ს ვუსმენდი. აღტაცებული ვარ", - წერს ქოული. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ალბომი არტისტმა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნებულ ფრისტაილში Album Of The Year დააანონსა.

ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე 5 სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" 3 კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 2019 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული