Thumbnail

გრემი ნომინანტების შერჩევის წესს ცვლის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მიერ ნომინანტების შერჩევის პროცესი იცვლება. გრემის ძირითად კატეგორიებში მუსიკოსები, არა ანონიმური კომიტეტების მხრიდან დასახელებით, არამედ აკადემიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მოხვდებიან. ეს ეხება საუკეთესო ალბომის, ჩანაწერის, სიმღერისა და ახალბედა არტისტის ნომინაციებს.

მუსიკოსები, რომლებიც წელს გრემის გაუნაწყენდნენ

აკადემიის განცხადების თანახმად, კომიტეტების წევრების ვინაობა იმიტომ არ ხმაურდებოდა, რომ ისინი განაწყენებული ფანებისგან დაეცვათ, ანაც მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა გარეშე პირებს არ ეცადათ. თუმცა, არტისტთა ნაწილს უკვე წლებია, ეჭვი შეჰქონდა ამ ადამიანთა ობიექტურობაში და მათ ღიად ადანაშაულებდნენ კორუფციაში.

განსაკუთრებული ხმაური გამოწვია რიგით 63-ე დაჯილდოებაზე პოპულარული კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ნომინაციის გარეშე დატოვებამ. მას შემდეგ, რაც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი After Hours და ჩარტების ლიდერი სინგლი Blinding Lights გრემიზე არც ერთ კატეგორიაში არ დაასახელეს, არტისტმა დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ ლეიბლს მისი მუსიკის გრემიზე წარსადგენად გაგზავნა აუკრძალა. როგორც აღმოჩნდა, 30 აპრილს დაანონსებული ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ უიქენდს აზრი შეეცვალა.

"იმის მიუხედავად, რომ ჩემს მუსიკას მაინც არ წარვადგენ, იმედი მაქვს, რომ გრემის მიერ კორუფციის აღიარება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ამ ჭირიანი დაჯილდოების მომავლისთვის და ხმის მიცემის გამჭვირვალე პროცესით არტისტები დამსახურებულ პატივისცემას მიიღებენ", - განუცხადა არტისტმა გაზეთ New York Times-ს.

ამასთან, ხმის ჩამწერმა აკადემიამ დაჯილდოებას ორი ახალი კატეგორია, საუკეთესო უცხოური შესრულება და საუკეთესო ლათინური ურბანული ალბომი დაამატა. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ ჰიტის Save Your Tears რემიქსი გაავრცელეს

კომენტარები

ბოლოს დამატებული