Thumbnail

რინგო სტარმა The Beatles-ის შემოქმედებიდან ფავორიტი სიმღერა დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილი წევრი, რინგო სტარი სტივენ კოლბერის ღამის შოუს სტუმარი გახლდათ. მუსიკოსმა წამყვანის მიერ დასმულ თხუთმეტ შეკითხვას უპასუხა და ლივერპულური ოთხეულის შემოქმედებიდან თავისი საყვარელი კომპოზიციაც დაასახელა. 

► რინგო სტარს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ფიქრობს The Beatles-ის წევრებზე

"დაასახელეთ ერთი სიმღერა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუსმენდით", - ასე ჟღერდა წამყვანის კითხვა.

"Come Together. ეს The Beatles-ის შემოქმედებიდან ჩემი ფავორიტი სიმღერაც გახლავთ. ცხადია, სხვა კომპოზიციებიც მიყვარს, მაგრამ, თუ მხოლოდ ერთი უნდა ავარჩიო, სწორედ მას გამოვარჩევ. არაჩვეულებრივი ნამუშევარია, ტექსტიც იდუმალი და მისტიკურია და ჯონ ლენონის შესრულებაც ძალიან მომწონს. ის მოწოდების სიმაღლეზეა", - განაცხადა მუსიკოსმა. 

კომპოზიცია Come Together ბრიტანული კოლექტივის მიერ 1969 წელს გამოცემულ ალბომში Abbey Road შედის. მის ავტორებად ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი არიან მითითებული. გამოსვლის წელს სიმღერამ ამერიკულ ჩარტებში წამყვანი პოზიცია დაიკავა, დიდ ბრიტანეთში კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. 

► ცნობილი ადამიანი, რომლისთვისაც ჯონ ლენონმა Come Together დაწერა

რინგო სტარი ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის ყველა ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად მიიჩნევა. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვებაც შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ნამუშევარი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული