Thumbnail

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ მოზარდობისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. 19 წლის არტისტს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს პიროვნება მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენელი არ ყოფილა. ბილის თქმით, თავის ახალ სინგლში Your Power სწორედ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

ნახეთ: ბილი აილიში Vogue-ის გარეკანზე შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

ბილი აილიში: ორი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი

"ეს ღია წერილია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც თავიანთი უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ. ძირითადად, კაცებზე მაქვს საუბარი. მომხდარს გამონაკლისად ვერ მივიჩნევდი, რადგან ვფიქრობ, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს", - აღნიშნა ბილიმ გამოცემასთან საუბარში.

გოგონამ, რომელმაც "ვოგის" ფოტოსესიაში უარი თქვა მისთვის ჩვეულ ფართო ტანსაცმელზე და სრულიად განსხვავებული იმიჯით მოგვევლინა, იმაზეც ისაუბრა, როგორ აღიქვამს საზოგადება მსგავს ფაქტებს.

"და თუ არასრულწლოვანმა საჯაროდ დაიჩივლე ძალადობაზე, ამბობენ, მაშინ მკერდს რატომ გვაჩვენებსო? დიახ, ასე მოვიქცევი, მომხდარს კი გამართლება არ აქვს", - ამბობს მუსიკოსი.

აილიშმა ახალი სიმღერის ტექსტზეც ისაუბრა, რომელშიც მღერის:

"როგორ გაბედე, გეთქვა, რომ აქეთ იმ გოგონას ეგონა, რომ შენი ასაკის იყო?".

"You said she thought she was your age/How dare you?".

არტისტის თქმით, როცა უფრო პატარა იყო, ფიქრობდა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, შემდეგ კი გაიზრა, რომ ცდებოდა.

"მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა ასაკს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ასე იმიტომ ფიქრობ, რომ ყველაზე მეტი ასაკის ხარ, რაც კი ყოფილხარ ცხოვრებაში. გგონია, რომ მომწიფებული ხარ და ყველაფერი იცი. ხალხს ავიწყდება, რომ ასაკის მატების პარალელურად იაზრებ, ბავშვობაში რა სისულელეებს ვფიქრობდიო. ჩემი 2019 წლის სიმღერის When I Was Older ტექსტშიც ამის თქმა მინდოდა - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, როგორი ცხოვრება გაქვს, რა სიტუაციაში ხარ, ვინ არიან შენ ირგვლივ ან რამდენად ძლიერი და ჭკვიანი ხარ - ყოველთვის შეიძლება, შენზე უპირატეს მდგომარეობაში მყოფებმა იძალადონ. მსოფლიოში დიდი პრობლემაა ოჯახში ძალადობა ან ქმრის მიერ გაუპატიურება. გოგოები, რომლებიც თავს ძლიერ ადამიანებად მიიჩნევენ, აღმოჩნდებიან სიტუაციაში, როდესაც საკუთარ თავს შეეკითხებიან: "ღმერთო ჩემო, მსხვერპლი ვარ?", - ამბობს მომღერალი.

ბილის სიმღერა Your Power მომავალი ალბომიდან Happier Than Ever 29 აპრილს გავრცელდა კლიპთან ერთად, რომლის რეჟისორიც თავადაა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული