Thumbnail

ჯგუფმა Placebo ახალი ალბომი დააანონსა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo ახალი, რიგით მერვე ალბომი დააანონსა. ბენდმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩანაწერზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის დღის სინათლეს მალე იხილავს. ნამუშევრის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: Placebo-მ დოკუმენტური სერიალი Black Market Music Stories გაავრცელა

"მოგესალმებით, Placebo-ს თაყვანისმცემლებო. ჯგუფის პოსტერები, მონეტები, ნიღბები, კასეტები, მაისურები თუ სათამაშოები, რას ისურვებდით, რომ გქონდეთ? ახალი სიმღერები და კონცერტები რომ ყველას გინდათ, ვიცით და გვესმის. იმედი არ დაკარგოთ, რადგან მომავალ, რიგით მერვე ჩანაწერზე მუშაობა უკვე დასრულებული გვაქვს და ის გამოსაცემად მზადაა. ყველაფერს ვაკეთებთ, ასევე, ტურნეს დასაგეგმად. კიდევ რა შეიძლება, რომ თქვენთვის გავაკეთოთ? თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია. გისურვებთ მშვიდობასა და სიყვარულს, ბრაიანი და სტეფანი", - ვკითხულობთ ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Loud Like Love ბრიტანულმა მუსიკალურმა კოლექტივმა 2013 წელს გამოსცა.

Placebo ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. არტისტებს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად აქვთ ნამუშევარი, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მაიკლ სტაიპი და სხვა. კოლექტივი 2015 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა და ფესტივალის Tbilisi Open Air ფარგლებში თბილისის ზღვაზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული