Thumbnail

რას ფიქრობდნენ მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრები მის პლასტიკურ ოპერაციებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის გარეგნობა კარიერის დასაწყისში რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, თუ როგორ გამოიყურებოდა ის წლების შემდგომ. მაიკლმა სახეზე პლასტიკური ოპერაციების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯგუფი Jackson 5 დატოვა, რომელშიც ძმებთან ერთად მოღვაწეობდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი ცხვირის ფორმის ცვლილება. 1993 წელს ცნობილ წამყვან ოპრა უიფრისთან ინტერვიუში მაიკლი ამბობდა:

"ჩემი პლასტიკური ოპერაციების ჩამოსათვლელად ორი თითი გეყოფათ".

რატომ იკეთებდა მაიკლ ჯექსონი კოსტიუმზე სამკლავურს

როგორ ინიღბებოდა მაიკლ ჯექსონი, ხალხს რომ ქუჩაში ვერ ეცნო

მომღერალი არ ადასტურებდა, რომ სახის სხვა ნაწილების შესაცვლელადაც მიუმართავს ესთეტიკური მედიცინისთვის.

"არ გამიკეთებია ღაწვები, თვალები და ტუჩები. ვცდილობ, სარკეში არ ჩავიხედო, არასდროს ვარ იმით კმაყოფილი, რასაც იქ ვხედავ", - აღნიშნავდა მუსიკოსი.

არტისტის დამოკიდებულებას პლასტიკური ოპერაციების მიმართ მის ოჯახში კრიტიკით შეხვდნენ. როგორც გამოცემა BANG Showbiz წერს, დედა, კატერინა ჯექსონი 2010 წელს ამბობდა, რომ შვილს არაერთხელ მოუწოდა პლასტიკური ოპერაციების შეწყვეტისკენ.

"მსმენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პლასტიკური ოპერაციებით შეპყრობილები არიან. ვფიქრობ, სწორედ ეს დაემართა მასაც. ვუთხარი - უკვე საკმარისია-მეთქი. მან კი მომიგო, რომ არ სურდა, ლაქებიან ძროხას დამსგავსებოდა. მაიკლს ორ ოპერაციაზე მეტი ჰქონდა გაკეთებული, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდოდა".

შემსრულებლის ძმას, მარლონ ჯექსონს კი ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ცოტა ხნის წინ The Guardian-თან ინტერვიუში ჰკითხეს, მისი აზრით, უყვარდა თუ არა მაიკლს საკუთარი თავი საკმარისად.

"კი - ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, როცა მედია ნეგატიურად იწყებს მასზე საუბარს. პლასტიკურ ჩარევებს არ გავუბრაზებივარ, რადგან ღმერთმა ამქვეყნად იმიტომ მოგვავლინა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს იმის ნაცვლად, რომ გავკიცხოთ. მაიკლს კი სხვისთვის არასდროს მიუყენებია ზიანი. ეს მისი სხეული იყო და აკეთებდა იმას, რითიც მიაღწევდა სასურველ გარეგნობას. როცა ღმერთის წინაშე წარვდგებით, ის იმის მიხედვით კი არ განგვსჯის, თუ რას მივაღწიეთ, ან რა გავუკეთეთ საკუთარ თავს, არამედ, იმას გაითვალისწინებს, თუ რა გაგვიკეთებია სხვებისთვის. ადამიანი მისი გულით უნდა შეაფასოთ", - აღნიშნა მარლონმა.

როგორც ცნობილია, ჯექსონს ვიტილიგო ჰქონდა, რაც კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევაში გამოიხატება. როცა თეთრი ფერის ლაქების რაოდენობამ ზედმეტად იმატა და მაკიაჟი მათ ვეღარ ფარავდა, მაიკლმა, საკუთარი დერმატოლოგის რჩევით, კანზე მონობენზილის ეთერის შემცველობის კრემების წასმა დაიწყო, რათა კანზე დარჩენილი მუქი უჯრედებიც გაეღიავებინა. კანის ფერის შეცვლის გამო არტისტს დიდი კრიტიკა ხვდა წილად, რის პასუხადაც ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია და მისი სურვილი არ ყოფილა სხვა ადამიანად ქცევა.

მოზარდი მაიკლი

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული