Thumbnail

Cardi B: ჩემი წარმომავლობის გამო სხვა არტისტებზე ნაკლებს მიხდიდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული რეპერის, ქარდი ბის ქონება ვებგვერდზე Celebrity Net Worth გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მილიონს შეადგენს. 28 წლის მუსიკოსი პირველი ქალი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელსაც ბილბორდის ცხელ ასეულში რამდენიმე სოლო ტრეკით (Bodack Yellow, WAP და Up) აქვს დაკავებული პირველი ადგილი. ალბომმა Invasion Of Privacy კი მას 2018 წელს გრემის პირველი ჯილდო მოუტანა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, ქარდი შემოსავალს არაერთ ბრენდთან თანამშრომლობით იღებს, თუმცა, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქმიანი შეთანხმებებიდან ისეთი ანაზღაურება არ მიუღია, როგორსაც იმსახურებდა. შემსრულებელი ამის მიზეზად გასართობ ინდუსტრიაში არსებულ ქსენოფობიურ მიდგომებს ასახელებს.

Cardi B: როცა ცოტა ფული მქონდა, უფრო ბედნიერი ვიყავი

"არის შემთხვევები, როცა ხედავ, რომ წარმომავლობას ნამდვილად ენიჭება მნიშნელობა, რადგან ვიცი ზოგიერთი გავლენიანი ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, მე არ მგავს და მათ დიდ თანხებს უხდიან. მე ხომ არტისტი ვარ, ვიცი, რამდენს უხდიან სხვა არტისტებს. მოვიძიე ეს ინფორმაცია და გავოგნდი, რამდენად მეტს იღებდნენ ისინი. სწორედ ამის გამო ვთქვი, რომ ბოლომდე ამოვიღებდი იმას, რასაც ვიმსახურებდი", - ამბობს არტისტი ჰიპ ჰოპ გამოცემასთან XXL Magazine ინტერვიუში.

ქარდიმ, რომლის დედაც ტრინიდადელია, მამა კი დომინიკელი, ამბობს, რომ ახლა უკვე არ თანხმდება გარიგებებს, თუ დარწმუნებული არ არის, რომ იმდენს გადაუხდიან, რამდენიც ეკუთვნის.

"ყოფილა შემთხვევები, როცა ისეთი საქმიანი კონტრაქტები გამიფორმებია, რომელშიც ანაზღაურება მიმიღია, თუმცა, მიგრძვნია, რომ მეტს ვიმსახურებდი. წელს ყველაფერი გავაკეთე იმაში დასარწმუნებლად, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. არა მხოლოდ მუსიკალურ გარიგებებში, არამედ, ზოგადად, ყველაფერში", - ამბობს შემსრულებელი.

Cardi B-მ ისაუბრა, რას ფიქრობს, როცა სხვა ქალ რეპერებს ადარებენ

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული