Thumbnail

დუმილის შემდეგ ბრიტნი სპირსმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლა მოითხოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

როგორც ცნობილია, ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი სასამართლოსგან ითხოვს, მამას, ჯეიმი სპირსს მისი მეურვის სტატუსი ჩამოერთვას. გამოცემა TMZ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა, რომელსაც უკვე მეცამეტე წელია, არამდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მოტივით, საკუთარი ქონებისა და პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილი გამოთქვა. ლოს ანჯელესის უმაღლესმა მოსამართლემ, ბრენდა პენიმ 23 ივნისს ჩანიშნა მოსმენა, რომელზეც ბრიტნი საკუთარ პოზიციას არა ტრადიციულად ადვოკატის მეშვეობით, არამედ პირადად დააფიქსირებს.

ბრიტნი სპირსი: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ნერვიულობთ

"ადვოკატმა, სემუელ ინგჰემმა მოსამართლეს სთხოვა, დაჩქარებულ ვადებში ჩაენიშნა მოსმენა, თუმცა, არ უთქვამს, რის თქმას აპირებს სპირსი", - წერს Variety.

"თიემზი" კი აღნიშნავს, რომ ბრიტნი სასამართლო პროცესებს აქამდეც დასწრებია და მოსამართლესთან კომუნიკაციაც ჰქონია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ივნისში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა უფრო მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელი იქნება.

"ბრიტნის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ მის კლიენტს რაღაც ჰქონდა სათქმელი. არ არის გამორიცხული, რომ ამას კავშირი ჰქონდეს სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიათან "თავისუფლება ბრიტნის" და მომღერლის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმთან Framing Britney Spears (ბრიტნი სპირსის ჩარჩოებში მოქცევა), რომელიც იგივე სენტიმენტების მატარებელია", - წერს გამოცემა.

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

2019 წელს ჯეიმი სპირსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, დროებით ჩამოშორდა მეურვეობას, რა დროსაც ის ბრიტნის მენეჯერმა, ჯოდი მონტგომერიმ შეცვალა. გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მამის ნაცვლად მუდმივ მეურვედ სწორედ მონტგომერი დარჩენილიყო, რაც არ დაკმაყოფილდა და ჯეიმი სპირსს თავისი უფლება-მოვალეობა დაუბრუნდა. თუმცა, ბრიტნის ფინანსების განკარგვის ნაწილში სასამართლომ მუსიკოსის პოზიცია გაიზიარა და, ჯეიმის გარდა, პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო.

ბრიტნი სპირსი კიდევ ერთხელ მოითხოვს, მის მეურვეობას მამამისი ჩამოცილდეს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული