Thumbnail

Megan Thee Stallion შემოქმედებით პაუზას იღებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion კარიერაში პაუზა დააანონსა. 26 წლის არტისტის თქმით, შემოქმედებით მოღვაწეობას მაშინ დაუბრუნდება, როცა ამის დრო მოვა.

ნახეთ: Bankroll Freddie x Megan Thee Stallion - Pop It

თავდაპირველად მეგანის ინსტაგრამზე ფოტო გავრცელდა, რომელშიც თვალებდახუჭული რეპერი ჟანგბადის ნიღბით არის გამოსახული.

შემდეგ რეპერმა იგივე ფოტო ფართო რაკურსით გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ რეპერი სითხით სავსე რეზერვუარშია მოთავსებული.

ფოტოებმა არტისტის თაყვანისმცემლებს გაუჩინა მოლოდინი, რომ მეგანი ახალ მუსიკას აანონსებდა.

"ახალი სინგლი, ახალი ალბომი, თუ ვინმესთან კოლაბორაცია?", - იკითხა ერთმა გამომწერმა.

თუმცა, რეპერის ინსტაგრამის გვერდზე მალევე გავრცელდა ვიდეო ტექსტით:

"Megan Thee Stallion ხელახლა იმუხტება. ცხელი გოგოს ცხოვრების წესიდან გამომდინარე ის ახლა რეგენერაციის პერიოდში გადადის იმისთვის მოსამზადებლად, რაც მომავალში ელოდება".

ამის შემდეგ მეგანმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა:

"დავბრუნდები, როცა ამის დრო მოვა".

ბოლოს Megan Thee Stallion-მა თავის ალბომში Good News შესულ კომპოზიციაზე Movie გადაღებული კლიპი გაავრცელა რეპერ Lil Durk-თან ერთად. 2021 წლის დასაწყისში მან კარიერაში პირველად მიიღო გრემი და ცერემონიაზე ჯამში სამი ჯილდო მოიპოვა. ამასთან, მუსიკოსმა ბოლო პერიოდში არაერთ არტისტთან, მათ შორის ამერიკულ პოპ ჯგუფ Maroon 5-თან და რეპერ DaBaby-სთან ითანამშრომლა, აგრეთვე, ამერიკული ბრენდის, Calvin Klein-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ნახეთ: Megan Thee Stallion და Lil Durk კლიპში Movie

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული