Thumbnail

მოუსმინეთ: "ამორალის" აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი "მას მოსწონს" გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანი ჯგუფის "წერილი" ლიდერი, გია თოიძე 1996 წელს ჩაწერილ კომპოზიციას "მას მოსწონს" ავრცელებს.

ეს მის მიერ დაწერილი პირველი სიმღერა და იმ დროს ჯერ კიდევ "ამორალის" სახელით ცნობილი კოლექტივის რიგით მეორე სინგლია, რომელიც არასდროს გამოცემულა. ნამუშევარში გიას გარდა, ლევან სვანიძე (ბასი), კოტე კალანდაძე (გიტარა) და დათუნა თოიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) მონაწილეობენ.

► არქივი: ამორალი - მიწის ქვეშ (1997)

"ეს სიმღერა 1996 წელს ჩავწერეთ, როგორც სინგლი, მაგრამ ჩანაწერი არ მომეწონა და ფირი პირადად მე გავანადგურე. აღმოჩნდა, რომ კოტემ მოასწრო კასეტაზე გადმოწერა, რომელიც სახლში ჰქონდა შენახული და ახლა გიზიარებთ. P.S. აქ ჯგუფი სულ რაღაც ერთი წლის იყო და დრამზე ჩემი ძმა უკრავს, რომელიც შარშან გარდაიცვალა", - წერს თოიძე.

ჯგუფი "ამორალი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ (ვოკალი, გიტარა) და ლევან სვანიძემ (ბასი) ჩამოაყალიბეს. მათ გარდა კოლექტივის თავდაპირველ შემადგენლობაში კოტე კალანდაძე (გიტარა) და დათუნა თოიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) შედიოდნენ.

მუსიკოსების პირველი კონცერტი 1996 წელს ფესტივალზე "მარგარიტა" ჩატარდა. ამავე წელს გამოვიდა სადებიუტო სინგლი "ოთხივე მხარეს". 1997 წელს ჯგუფს სანდრო კაპანაძე (საქსოფონი, კლავიში) დაემატა, რომელთან ერთად ალბომი "უძირო გზა" ჩაიწერა. მალე დათუნა თოიძე დათო მაჭავარიანმა (კაკადუ), კოტე კალანდაძე კი გიორგი ჟორჟოლიანმა (Jorjick) ჩაანაცვლა. 1999 წელს "ამორალი" დაიშალა. ორი წლის შემდეგ გია თოიძემ და ლევან სვანიძემ კოლექტივი ახალი სახელწოდებით - "წერილი" აღადგინეს და მოღვაწეობას დღემდე განაგრძობენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული