Thumbnail

Lil Nas X პასუხობს ბრალდებას, თითქოს წარმატების მისაღწევად მოიგონა, რომ გეია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ატლანტელი ქანთრი რეპერი Lil Nas X ტვიტერის საშუალებით იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მან წარმატების მისაღწევად მოიგონა, რომ გეია.

"რატომღაც ყველას გიყვართ ამის თქმა, რომ გეი წარმატებისთვის გავხდი, მაგრამ ვერ ჩამომითვლით 5 გეი მუსიკოსს, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმატება მოიპოვეს", - დაწერა შემსრულებელმა ტვიტერზე.

"ინდუსტრიაში მილიონი შავკანიანი კაცია, რომელიც სხვა არაფერზე მღერის, გარდა ქალებისა, მაგრამ ამაზე არაფერს ამბობთ. მე კი, როგორც კი შევქმენი სიმღერა კაცის შესახებ, ისე გამოიყვანეთ, თითქოს ამის იქით, როგორც არტისტს, არაფერი შემიძლია. ნუ მაცინებთ", - დაამატა 22 წლის მუსიკოსმა.

შემსრულებელმა ვიდეორგოლთან ერთად კომპოზიცია Montero (Call Me by Your Name) მიმდინარე წლის მარტში გამოუშვა. სიმღერა გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. ნამუშევრის ტექსტი მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.

Nike-ის საჩივრის შემდეგ, Lil Nas X-ის "სატანის ფეხსაცმლის" გაყიდვა შეჩერდა

ლილ ნას იქსს FKA twigs-ის კლიპის კოპირებაში ადანაშაულებენ

ლილ ნას იქსმა 2019 წელს ღიად განაცხადა, რომ გეია, შემდეგ წელს კი, გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამის საიდუმლოდ დატოვებას აპირებდა, თუმცა, მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ შეიცვალა აზრი.

"რეალურად ვაპირებდი, ეს საიდუმლო საფლავში ჩამეტანა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა Lil Nas X გავხდი. ჩემმა ოჯახმა უკვე ყველაფერი იცის, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ, დუმილს ვინარჩუნებთ. არ მეკითხებიან, ბოიფრენდი ხომ არ გყავსო. ისე, არ მინდა, რომ ჩემს სასიყვარულო ცხოვრებას მუდმივად ტაბუ ედოს", - ამბობდა მაშინ არტისტი.

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული