Thumbnail

Blackpink-ის როზე Tiffany & Co.-ს სახე გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Blackpink-ის წევრი, როზე ძვირადღირებული სამკაულების ბრენდის Tiffany & Co. საერთაშორისო სახე გახდა. 24 წლის არტისტი 2021 წლის კოლექციას Tiffany HardWear გაუწევს რეკლამირებას.

Blackpink-ის როზე: არავის ესმოდა, კეიპოპის გამო სკოლა რატომ მივატოვე

რატომ შეაშინა Blackpink-ის როზე ჯგუფის წევრებთან პირველმა შეხვედრამ

"როზე - კეიპოპ ჯგუფ Blackpink-ის წევრი და სოლო არტისტი Tiffany & Co.-ს ახალ საერთაშორისო სახედ ავირჩიეთ. ის ბრენდის 2021 წლის კოლექციის Tiffany HardWear ციფრული კამპანიის მხარდასაჭერად მოდელის როლში მოგვევლინება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით ამცნო სიახლე თავად როზემ. მან ფოტოები გააზიარა, რომლებშიც 18-კარატიანი ოქროს ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები ამშვენებს ზემოხსენებული კოლექციიდან.

"ის ფაქტი, რომ შევუერთდი ისეთ ბრენდს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ორმაგად სასიამოვნოს ხდის ამ თანამშრომლობას. დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი, როდის იხილავს საზოგადოება ჩვენი პარტნიორობის შედეგს", - წერს როზე.

მომღერალმა ბრიტანულ ჟურნალ Tatler-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა:

"ჯერ კიდევ უფროს კლასებში სწავლისას ფულს ვაგროვებდით, რომ ერთმანეთისთვის "ტიფანის" პატარა, საყვარელი ყელსაბამები გვეჩუქებინა. ძალიან ამაღელვებელი იყო ბრენდის კლასიკური, ლურჯი ჩანთის მიღება, რომელშიც საჩუქრები იყო მოთავსებული. მომწონს, რომ ყველას შეუძლია, ნებისმიერ ასაკში დატკბეს ამ სამკაულებით", - ამბობს გოგონა.

ნახეთ: Blackpink-ის როზემ სიმღერაზე Gone კლიპი გადაიღო

შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც როზე ერთადერთი ცნობილი ადამიანი გახდა, რომელიც ინსტაგრამზე Tiffany & Co.-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოიწერა. აღსანიშნავია, რომ კოლექციიდან სამკაულები მომღერალს "ბლექფინქისა" და ამერიკელი პოპვარსკვლავის, სელენა გომესის ერთობლივ ტრეკზე Ice Cream გადაღებულ კლიპში ეკეთა.

როზემ პოპულარობა "ბლექფინქის" წევრობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, ის პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე 1,5 მილიარდი მოსმენა დააგროვა. კოლექტივში მოღვაწეობის პარალელურად ახლახან როზეს სოლო დებიუტიც შედგა სინგლების ალბომით R. მასში შესულ კომპოზიციაზე On The Ground გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ერთ დღეში 41,6 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც გოგონა პირველი სოლო კეიპოპ არტისტი გახდა, რომლის კომპოზიციის ვიდეორგოლმა პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული