Thumbnail

ნიკ ქეივის რჩევა, როგორ დავძლიოთ თავდაჯერების ნაკლებობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ ქეივს თანამემამულე თაყვანისმცემელმა მელბურნიდან, სახელად ტომასმა ვებგვერდზე The Red Hand Files, რომელსაც არტისტი უკვე ორ წელზე მეტია, მსმენელებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, წერილი მისწერა სათაურით - "ოდესმე გიგრძვნიათ თუ არა თავდაჯერების ნაკლებობა?".

ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

ნიკ ქეივმა ის კომპოზიციები დაასახელა, რომლებიც სურს, მის დაკრძალვაზე ჩართონ

"ერთ გოგოს შევუყვარდი და, მანამ თავს მაწონებდა, საკუთარი თავის ნაწილი გამაცნო, რომელსაც შენ წარმოადგენდი. მაშინ შენი მუსიკა მოსმენილი არ მქონდა და გავოგნდი იმით, თუ როგორ მგავდი. ჩვენ ერთმანეთისგან 100 კმ-ის დაშორებით დავიბადეთ. ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ვუყვარდი, მეგობრობა, შემწყნარებლობა და არაამქვეყნიური სიდიადე გამიზიარა, რომელიც რეალურად ჩემ მახლობლად იყო წარმოშობილი. ახლა ორი პატარა შვილი მყავს, მაქსი და ჯოუი. მათ მოსწონთ შენი მუსიკა, მისაღებ ოთახში ცეკვავენ ხოლმე. ჯოუი ძალიან ემოციურია, არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მასზე მძაფრად აღიქვამს სამყაროს. პატარა მაქსი კი ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მღერის და, როცა იღიმის, შეგიძლია, მის სულში ჩაიხედო. ერთ დღეს, როცა საკმარისად მოზრდილები იქნებიან საიმისოდ, რომ გაიაზრონ, მათ ვეტყვი, რომ შენც აქ დაიბადე და შეუძლიათ, მეტს წარმოადგენდნენ, ვიდრე, უბრალოდ, ადამიანს ერთი ქალაქიდან - იქნებ, ისე არ დაასრულონ ცხოვრება, როგორც მათმა მამამ", - ნათქვამია ტექსტში.

როგორც აღმოჩნდა, ქეივმა ეს წერილი გარკვეული პერიოდის წინ მიიღო, თუმცა, პასუხის მოსაფიქრებლად დრო დასჭირდა.

"ეს წრფელი და გულშიჩამწვდომი წერილი გარკვეული დროის წინ გამომიგზავნე, მას პერიოდულად ვუბრუნდებოდი პასუხის გასაცემად. არაერთ ადამიანს წავაკითხე, მათ შორის მეგობარ კინორეჟისორ ენდრიუ დომინიკს, რომელმაც, პრაქტიკულად, იტირა, ისევე, როგორც ჩემმა ასისტენტმა, რეიჩელმა, რომელიც, როგორც წესი, ფოლადივით მტკიცეა. ეს წერილი რეიმონ კარვერის მოთხრობასავით იკითხება - თავშეკავებული, საყვარელი და სევდიანია. The Red Hand Files-ზე მიღებული დაახლოებით 40 ათასი გზავნილი წამიკითხავს, თქვენი, ალბათ, ჩემი რჩეულია. მოხარული ვარ, რომ ეს წერილი ჩემს მშობლიურ მელბურნში მცხოვრებმა მომწერა, ეს სიამაყით მავსებს.

ოდესმე მიგრძვნია თუ არა თავდაჯერების ნაკლებობა? პასუხია - დიახ, თანაც მძაფრად. ის მოულოდნელად მეუფლება, შინაგანად მრევს და დაბნეულობით მავსებს. როგორც წესი, მაშინ მიტევს, როცა სილაღეს ან იუმორს ვკარგავ. ანაც მაშინ, როცა ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად შევხედავ. საკუთარ თავში ეჭვი ყველას შეგვიტანია, როგორი არაკომფორტული და არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ამის განცდა, გარკვეული დოზით ის შესაძლოა, ნამდვილი ადამიანური ძალაც აღმოჩნდეს, რომ შევინარჩუნოთ თავმდაბლობა და სამყაროსთან კავშირი, დავრჩეთ მგრძნობიარეები და გონებაგახსნილები.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ და ჩვენს თავდაჯერებას საშუალება არ მივცეთ, გადაულახავ პრობლემად დარჩეს, რომელიც საპყრობილეში გამოგვკეტავს და წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს. ასეთ მომენტებში უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო შეიძლება, იყოს სახალისო, ისევე, როგორც ჩვენ, და არ ღირს, საკუთარი თავის ზედმეტად სერიოზულად მიღება.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც გწერ, იმაშია, რომ მინდა, მადლობა გადაგიხადო ამ წერილისთვის - შესანიშნავია და გავუფრთხილდები. როცა ამ დილით ჩემს ცოლს, სიუზის წავაკითხე, შენზე მითხრა, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანიაო. მე კი მივუგე - ხო, ვიცი, მელბურნიდან არის-მეთქი", - წერს ქეივი თაყვანისმცემელს.

ნიკ ქეივი და უორენ ელისი ვინილს Grief ავრცელებენ

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული