Thumbnail

ნახეთ: რეპერი ძვალი ახალი კლიპით "ბოზ*ები" დაბრუნდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენელი, აჩი ვანიშვილი, ფსევდონიმით ძვალი, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "ბოზ*ები" და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. ჩანაწერი აჩის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: ძვალი ახალ ალბომზე მუშაობს - რეპერმა უცნობი ტრეკის ნაწყვეტი გამოაქვეყნა

ძვალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლებში დაიწყო. 1996 წელს რეპერი ჰიპ ჰოპ გაერთიანებას "შხეფი" შეუერთდა. კოლექტივს წარმატება კომპოზიციებმა "მე მახსოვს დრო" და "ჩემი ხარ" მოუტანა. რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, აჩიმ ჯგუფის რიგები დატოვა და სოლო კარიერაზე გადაერთო, რა დროსაც მან ცნობილი ტრეკი "კანონს გარეთ ვარ" გაავრცელა.

2000-იანი წლების დასაწყისში ძვალმა კოლეგებთან, გრაფთან, გერცთან და ქადოსთან ერთად ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ცხოვრებით ჯარისკაცები" ჩამოაყალიბა. ჯგუფმა მოღვაწეობის განმავლობაში ერთადერთი ალბომი "ნაბიჯი პირველი" ჩაწერა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

2003 წელს რეპერმა ოფიციალური კრებული All Boom გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილი საკუთარი კომპოზიციები გააერთიანა. ნამუშევარში შევიდა ნინა წკრიალაშვილის მონაწილეობით შექმნილი კომპოზიცია "მოგეფერო მინდა". ამის შემდეგ რეპერმა პოპ მომღერალ ქრისტინე იმედაძესთან, ჰიპ ჰოპ ჯგუფის "ექსცესი" წევრთან, მემოსთან და T.L-თან ერთად პოპულარული ტრეკი "შენ გიცდი" გაავრცელა.

2009-10 წლებში აჩიმ დიჯეინგი დაიწყო. მუსიკოსი ჰიპ ჰოპ კომპოზიციებს ღამის კლუბ "ბამბა რუმში" უკრავდა. იმის მიუხედავად, რომ ძვალი რეპ კარიერას ჩამოშორებული იყო, მისი ყველაზე დიდი ჰიტი "ჩემო თბილის ქალაქო" სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა. მაია კაჭკაჭიშვილთან თანამშრომლობით შექმნილი კომპოზიცია 2012 წელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნდა და დედაქალაქის ჰიმნად იქცა.

ამის შემდეგ ჟანრის ერთ-ერთმა პიონერმა სოლო კარიერაში მუსიკალური პაუზა აიღო და დღემდე მონაწილეობა სულ ათამდე კოლაბორაციულ ჩანაწერში მიიღო. ძვალი ძირითადად პოპულარულ კოლეგასთან, ზაზა ნოზაძესთან ერთად მუშაობდა. მსმენელმა აჩის ბოლო ვერსი ლაშა აბრამიძის, იგივე Cas-ის 2018 წლის ტრეკში CoMIX მოისმინა. კომპოზიციაში ლაშასთან და აჩისთან ერთად, ზაზა ნოზაძე, ლაშა ხუციშვილი და ქართული ჰიპ ჰოპის კიდევ ერთი პიონერი, კაბუ მონაწილეობენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული