Thumbnail

რატომ უწოდა ქუინსი ჯონსმა The Beatles-ის წევრებს ყველაზე ცუდი მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ეპოქალურმა ამერიკელმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა, ქუინსი ჯონსმა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრის, რინგო სტარის სადებიუტო სოლო ალბომში, 1970 წელს გამოშვებულ Sentimental Journey-ში შესული კომპოზიციის Love Is a Many Splendoured Thing არანჟირებაზე იმუშავა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კოლექტივის წევრებმა თავდაპირველად მასზე დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს. 2018 წელს, ჟურნალ The New York-თან ინტერვიუში, მან ლივერპულურ ოთხეულს "მსოფლიოში ყველაზე ცუდი მუსიკოსები" უწოდა, როცა ჟურნალისტმა, დევიდ მარჩეზმა ჰკითხა:

როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები The Beatles-ის შესახებ?

"რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე ცუდი მუსიკოსები იყვნენ. პოლი ყველაზე ცუდი ბას გიტარისტი იყო, ვისთვისაც ოდესმე მომისმენია და რინგო? ამაზე არც კი ვისაუბრებ", - ამბობდა ქუინსი.

რატომ არ სურდა ელვის პრესლის The Beatles-ის წევრებთან შეხვედრა

კურტ კობეინის ფავორიტი წევრი The Beatles-იდან

ამავე ინტერვიუში მუსიკოსმა გაიხსენა შემთხვევა, როცა "ბითლზის" მეხუთე წევრად წოდებულ პროდიუსერ ჯორჯ მარტინთან და კოლექტივთან ერთად სტუდიაში აღმოჩნდა მაშინ, როცა რინგოს სესია ჰქონდა.

"მახსოვს, ერთხელ ჯორჯ მარტინთან ერთად სტუდიაში ვიყავით და რინგომ სამი საათი მოანდომა იმას, რომ სიმღერაში ოთხტაქტიანი მონაკვეთი გამოესწორებინა. მაინც ვერაფერს გახდა. ჩვენ ვუთხარით - მეგობარო, ლაიმიან ლუდს და ღვეზელს ხომ არ შეექცეოდი, საათნახევრიანი შესვენება აიღე და ცოტა მოეშვი-მეთქი. ასეც მოიქცა, ჩვენ კი ჯაზ დრამერს, რონი ვერელს დავურეკეთ. ის 15 წუთში მოვიდა და გააკეთა, რაც საჭირო იყო. რინგო რომ დაბრუნდა, ჯორჯს უთხრა, შეგიძლია, ჩემი დაკრული კიდევ ერთხელ მომასმენინოო? ის ასეც მოიქცა, რის შემდეგაც რინგომ ჩაილაპარაკა - ისე, ძალიან ცუდადაც არ ჟღერსო. მე კი ვუთხარი - ეგ იმიტომ, რომ შენი დაკრული არ არის-მეთქი. ისე კი, კარგი ბიჭია", - ამბობდა მუსიკოსი.

ქუინსი ჯონსის ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც მუსიკოსმა კოლექტივის წევრს, პოლ მაკკარტნის დაურეკა თავის გასამართლებლად.

"და, აი, მან დამირეკა. სახლში მარტო ვიყავი, მუშაობის დასრულების შემდეგ ცოტა დავლიე და ვისვენებდი, საჭმელს ვიმზადებდი, თან ღვინოს ვწრუპავდი, კარგ ხასიათზე ვიყავი და არაფერი მადარდებდა. ამ დროს დამირეკეს - პოლ მაკკარტნის ვესაუბრებიო? კი-მეთქი, მივუგე. თქვენთან ქუინსის საუბარი სურსო, მითხრეს, ის სულ თავისი დაცვის წევრების დახმარებით მოქმედებდა", - იხსენებდა პოლი 2018 წელს ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში.

შემდეგ კი მაკკარტნიმ მასა და ქუინსის შორის შემდგარი დიალოგი დეტალურად გაიხსენა:

- გამარჯობა, ქუინს.
- პოლ, როგორ ხარ?
- კარგად, ნაბიჭვარო - მივუგე.
- პოლ, მე მართლა არ მითქვამს მსგავსი არაფერი, არ ვიცი, რა მოხდა. თქვენზე ასე არასდროს მილაპარაკია, ხომ იცით, რომ მიყვარხართ.
- ეს რომ გეთქვა, იცი, რას ვიტყოდი მე? "შენი დედაც, ქუინსი ჯონს" - ჩემს ამ სიტყვებზე გაიცინა, მე კი გავაგრძელე - ხომ იცი, რომ ამას ვიტყოდი, "წადი შენი, ქუინსი ჯონს, შე არანორმალურო ნაბიჭვარო-მეთქი". ამის შემდეგ ვიცინეთ.
- პოლ, ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.
- ხო, ვიცი, რომ გიყვარვარ, ქუინს! - ვუპასუხე.

როგორც გამოცემა Far Out Magazine აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ პოლმა ქუინსის საპასუხოდ არ უთხრა, რომ თავადაც უყვარდა, იმაზე მეტყველებს, რომ მან მუსიკოსის ახსნა-განმარტება არ დაიჯერა.

ქუინსიმ სახელი 1950-იან წლებში მოიხვეჭა, როგორც ჯაზ არანჟირებების ავტორმა, შემდეგ კი პოპ შემსრულებლებთან მუშაობა და ფილმებისთვის მუსიკალური თემების შექმნა დაიწყო. 1968 წელს ის და პარტნიორი სონგრაითერი, ბობ რასელი კინოსურათ Banning-ისთვის დაწერილი კომპოზიციით The Eyes of Love პირველი აფროამერიკელები გახდნენ, რომლებიც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 70-წლიანი კარიერის განმავლობაში ქუინსის გრემის 80 ნომინაცია და 28 ჯილდო აქვს მიღებული. 1992 წელს მას ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ სპეციალური პრემია Grammy Legend Award გადასცა. ის ასევე 7-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. ჯონსს უმუშავია მაიკლ ჯექსონის ისეთი ალბომების პროდიუსინგზე, როგორებიცაა: Off the Wall, Thriller და Bad. ის ასევე 1985 წელს გამოშვებული საქველმოქმედო სიმღერის We Are the World თანაპროდიუსერია ჯექსონთან ერთად. 2013 წელს ქუინსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, როგორც სპეციალური ჯილდოს Ahmet Ertegun Award მფლობელი. არტისტი ჟურნალმა Time-მა მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიან ჯაზ მუსიკოსთა შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული