Thumbnail

მამაკაცზე, რომელიც ემინემის სახლში შეიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2020 წლის აპრილში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე ემინემის სახლში შეჭრისთვის პოლიციამ 26 წლის მეთიუ ჰიუზი დააკავა. გამომძიებლის მტკიცებით, ის მუსიკოსის მოკვლას გეგმავდა. ახლა კი წინასასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი რეპერის საცხოვრებელში აღმოჩნდა. მაკომის ოლქის პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 1 ივნისს მეთიუ ჰიუზი მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერ ჰილზში იმ სახლთან შენიშნეს, რომელიც წარსულში ემინემის საკუთრება იყო.

ემინემს სახლში შეჭრილ თაყვანისმცემელთან გამკლავება მოუხდა

დეტექტივი: ემინემის სახლში შეჭრილი მამაკაცი მის მოკვლას აპირებდა

პროკურატურის ცნობით, მამაკაცმა სახლის ზარი დარეკა და შენობის ახალ მფლობელს განუცხადა, რომ რეპერს ეძებდა. მოგვიანებით ის საცხოვრებელში, სტუმრების ოთახში მძინარე იპოვეს. კართან მყოფი ჰიუზის კადრები გამოცემა TMZ-მ გამოაქვეყნა.

მეთიუ ჰიუზი 2020 წლის 4 აპრილს, დილის 04:00 საათზე დეტროიტში, რეპერის სახლში ფანჯრიდან გადაიპარა, რა დროსაც სიგნალიზაცია ჩაირთო და ემინემს გამოეღვიძა. წყაროს ცნობით, დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციის გამოჩენამდე, მარშალს ბრალდებულთან გამკლავება თავად მოუხდა.

"როდესაც მძინარე ბატონმა მეზერსმა გამოიღვიძა, მეთიუ ჰიუზი თავისი ბიძაშვილი ეგონა. როგორც კი მიხვდა, რომ ოთახში უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა, ჰკითხა, რას აკეთებდა მის სახლში. ბრალდებულმა კი მიუგო, რომ მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული", - ამბობს დეტექტივი.

მეთიუ ჰიუზის სასამართლო პროცესი 21 მაისსაა ჩანიშნული. მას ბრალად სხვის საკუთრებაში შეჭრა და ქონების დაზიანება ედება. მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული