Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ადასტურებენ, რომ დაშორდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ტელეკომპანია NBC-ის სატელევიზიო შოუსთვის Today მიწოდებულ ექსკლუზიურ განცხადებაში წყვილი აღნიშნავს, რომ ნიშნობა გააუქმეს და გადაწყვიტეს, მეგობრებად და ბიზნესპარტნიორებად დარჩნენ.

ჯენიფერ ლოპესი: ასაკის მატებას ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ

"გავაცნობიერეთ, რომ მეგობრობა უფრო გამოგვდის და შევეცდებით, ასეთი ურთიერთობა შევინარჩუნოთ. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთო ბიზნესსა და პროექტებზე. მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ ერთმანეთს და ჩვენს შვილებს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც კეთილ სიტყვებს გვწერდა და მხარს გვიჭერდა", - ნათქვამია ჯეილოს და ალექსის ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე ალექსმა ინსტაგრამის სთორიში მათი საოჯახო ფოტოები გაავრცელა და პოსტზე ჯეილო მონიშნა.

ლოპესის და როდრიგესის დაშორების შესახებ მედიაში ჯერ კიდევ მარტში დაიწერა. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსს რეალითი შოუს Southern Charm ვარსკვლავ მედისონ ლეკროისთან ჰქონდა ახლო კავშირი. წყვილმა მაშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კვლავ ერთად იყვნენ, თუმცა, ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. ჟურნალი People კი წყაროზე დაყრდნობით წერდა, აღნიშნულის მიზეზი მესამე პირი არ ყოფილა.

"სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსს მედისონ ლეკროისთან ჰქონდა რომანი, საერთოდ არაა კავშირში მათ ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებთან", - ამბობდა მაშინ მათთან დაახლოებული პირი.

წყვილი 2017 წლიდან ერთად ცხოვრობდა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. 2020 წლის ზაფხულში ჯეილო და ალექსი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდნენ იტალიაში, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები ჩაეშალათ. მომღერალს წინა ქორწინებიდან 12 წლის ტყუპი და-ძმა, ემა და მაქსი ჰყავს, როდრიგესი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯეილო და ალექსი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული