Thumbnail

ჯექსონის პირადი მცველი იხსენებს, რატომ იკეთებდა მაიკლი ხშირად პირბადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის დაცვის ყოფილმა წევრმა, მეთ ფიდსმა გაიხსენა, რომ არტისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას სამედიცინო ნიღაბს არ იშორებდა, რადგანაც ვირუსით ინფიცირების ეშინოდა. ფიდსმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მომღერლის საქციელი ხალხში გაკვირვებასა და ღიმილს იწვევდა.

როგორ ინიღბებოდა მაიკლ ჯექსონი, ხალხს რომ ქუჩაში ვერ ეცნო

"იცოდა, რომ საფრთხე ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. კარგად ერკვეოდა მსგავს საკითხებში და ფიქრობდა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, შემოეტია ჩვენთვის დაავადებას. ბაქტერიებს, რომლებიც გავრცელდებოდა. მაიკლი ზოგჯერ დღეში ოთხ ქვეყანას მოივლიდა და თვითმფრინავში მუდმივად იყვნენ სხვებიც. ვეხუმრებოდი ხოლმე - მაიკლ, გთხოვ, ნუ იკეთებ პირბადეს, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ, შენთან თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. ის კი მპასუხობდა - მეთ, ჩემი ავად გახდომა არ შეიძლება, თაყვანისმცემლებს ვერ დავაღალატებ, კონცერტები მაქვს ჩანიშნული, ამქვეყნად უმიზეზოდ არ მოვსულვარ, ხმას ვერ დავიზიანებ, ჯანმრთელი უნდა ვიყო, არ ვიცი, დღეს ვის შევხვდები, რა შეიძლება, გადამედოსო. ის შეიძლებოდა, დღეში 400 ადამიანს შეხვედროდა და მათთან ახლო კონტაქტი ჰქონოდა. ისე კი არ იყო, ახლა რომ ხელის დაქნევით შემოიფარგლებიან. ხალხი ამას არ სჯერდებოდა, მათ ჩახუტება უნდოდათ", - იხსენებდა მაიკლის პირადი მცველი.

მეთ ფიდსმა ისიც ივარაუდა, რა რეაქცია ექნებოდა ჯექსონს ახალი კორონავირუსის პანდემიაზე:

"ზუსტად ვიცი, რას ეტყოდა ხალხს - ხომ გეუბნებოდითო, შემდეგ კი დაიწუწუნებდა, რომ არავინ უსმენდა, რადგან, როცა ასეთ რამეს ამბობდა, ხალხი სერიოზულად არ აღიქვამდა".

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული