Thumbnail

როჯერ ტეილორი: ჩემს ბაღში ფრედი მერკურის ეს ქანდაკება უნდა დავდგა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen დრამერი, როჯერ ტეილორი გეგმავს, რომ საკუთარ ბაღში ბენდის გარდაცვლილი ფრონტმენის, ფრედი მერკურის 6 მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება დადგას. სკულპტურა 2002 წლის მიუზიკლის We Will Rock You პრომოუშენის ფარგლებში დამზადდა და 12 წლის განმავლობაში ლონდონში, დომინიონის თეატრის წინ გახლდათ აღმართული. უკანასკნელი სპექტაკლის შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოხდა.

უნდა შეეცვალა თუ არა ჯორჯ მაიკლს ფრედი მერკური - როჯერ ტეილორის პასუხი

როჯერ ტეილორი: ფრედი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჯონ დიკონი ჯგუფს მაინც დატოვებდა

ფრედი მერკურის ქანდაკება, რომლის დადგმასაც როჯერ ტეილორი გეგმავს

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, ამჟამად როჯერ ტეილორი სარის საგრაფოში მდებარე, მე-18 საუკუნეში აგებული სახლის ბაღის დიზაინს ცვლის, რათა ფრედის ფიგურის დადგმა შესაძლებელი გახდეს. საცხოვრებელი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს, სწორედ ამიტომ მუსიკოსი ნებართვას ელოდება, რომ იქვე აუზი, ბარი და ტერასაც მოაწყოს, რომელიც მწვანე სივრცესა და ფრედის ქანდაკებას გადაჰყურებს.

"ვფიქრობ, ფრედი ძალიან იხალისებდა, რომ მისი სკულპტურა დავიდგი", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული