Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა გაიხსენა, რატომ დამალა პასპორტი კარიერის დასაწყისში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

27 წლის პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ხმისჩამწერ კომპანიასთან გაფორმებული პირველი კონტრაქტის შემდეგ მშობლიურ კანადაში დაბრუნებულმა იგრძნო, რომ ადრეულ ასაკში მიღწეული წარმატებით გადაიღალა. მუსიკოსის თქმით, ერთი მხრივ, სუპერვარსკვლავობაზე ოცნებობდა, მეორე მხრივ კი, რიგითი მოზარდის ცხოვრება სურდა. ჯასტინის თქმით, ერთხელ ლეიბლი მოატყუა კიდეც, რომ პასპორტი დაკარგა და ამ გზით შეეცადა, თავი აერიდებინა შტატებში დაბრუნებისთვის, სადაც დატვირთული გრაფიკით მუშაობა ელოდა.

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ჩანაწერი Freedom გაავრცელა

ჯასტინ ბიბერი ალბომში მარტინ ლუთერ კინგის სიტყვების გამოყენების გამო გააკრიტიკეს

"ძალიან განვიცდიდი, რომ პატარა ასაკში ამდენი მუშაობა მიწევდა. მენატრებოდა ამხანაგები და ნორმალური ცხოვრება. ერთხელ მე და მეგობარმა ჩემი პასპორტი დავმალეთ. ლეიბლი განრისხებული იყო - მომავალ კვირაში შოუში Today უნდა გამოხვიდე, შენ კი პასპორტს ვერ პოულობო. ახალი საბუთის გაკეთებას განსაზღვრული რაოდენობის დღეები სჭირდება, მე კი მაშინ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, რომ ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა. საბოლოოდ, გავამხილე, რაც გავაკეთე და ყველა ანერვიულდა ჩემ გამო - მეკითხებოდნენ, ყველაფერი რიგზე მქონდა თუ არა. გადაცემაში მონაწილეობა მივიღე, რადგან ვოცნებობდი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში ვიწყებდი გააზრებას, რად შეიძლებოდა, დამჯდომოდა მიზნის განხორციელება", - უთხრა მან გამოცემას.

ბიბერმა იმაზეც ისაუბრა, როგორ დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება იმ ფაქტით იმედგაცრუებულმა, რომ წარმატება არ აღმოჩნდა მისთვის ბედნიერების მომტანი.

"უფრო და უფრო მეტი წარმატება მწყუროდა. ყველაფერი მქონდა, რისკენაც მივისწრაფვოდი, მაგრამ მაინც უბედური ვიყავი. მეგონა, წარმატება იქნებოდა ბედნიერების გასაღები. ასე რომ, ნარკოტიკები ჩემთვის ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება აღმოჩნდა", - ამბობს მუსიკოსი და იხსენებს, რომ იმ პერიოდში დაცვის თანამშრომლები ღამღამობით აკითხავდნენ, რათა შეემოწმებინათ, ჰქონდა თუ არ მას პულსი.

ჯასტინ ბიბერმა დაასახელა სამი მუსიკოსი ქალი, რომლებთანაც თანამშრომლობა სურს

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული