Thumbnail

მუსიკოსები, რომლებმაც შეყვარებულს ტატუ მიუძღვნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვარსკვლავური ურთიერთობები ხშირად ისეთივე სამუდამო არ არის, როგორც პერმანენტული ტატუები. თუმცა, ამ ცნობილ გარემოებას მუსიკოსებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საყვარელი ადამიანის სიყვარულის ნიშნად სხეულის სხვადასხვა ადგილზე სვირინგი გაეკეთებინათ. წარმოგიდგენთ არტისტებს, რომლებმაც პარტნიორებს ტატუ მიუძღვნეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა დღეს ერთად აღარ არის.

ემინემის თაყვანისმცემელმა ტატუების რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა

ნახეთ: Post Malone-ის სახის ტატუები და მათი ისტორია

რიანას 25 ტატუ და მათი ისტორია

ტრევის ბარკერი & კორტნი კარდაშიანი

ცნობილი პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერის, ტრევის ბარკერის და ამერიკელი ტელევარსკვლავის, კორტნი კარდაშიანის რომანზე უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად იწერება. წყვილი დიდ დროს ატარებს ერთად და სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებს ერთმანეთთან დაკავშირებულ პოსტებს. ცოტა ხნის წინ კი ტატუების მოყვარულმა ტრევისმა გულის მხარეს, მკერდზე საყვარელი ქალის სახელი Kourtney ამოისვირინგა.

ტრევის სკოტი & კაილი ჯენერი

თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ვარსკვლავს, ჰიუსტონელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტრევის სკოტს წვივთან პატარა პეპელა აქვს ამოსვირინგებული. ანალოგიური ტატუ აქვს ფეხზე მის ყოფილ შეყვარებულს, მილიარდერ ტელევარსკვლავ კაილი ჯენერს. 23 წლის გოგონამ შარშან იუთუბზე, ჰელოუინთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში, გაიხსენა ტატუს გაკეთების ისტორია.

"როცა მე და ტრევისმა შეხვედრები დავიწყეთ, პატარა პეპლები ამოვისვირინგეთ. ასე რომ, პეპელა ამ ურთიერთობის და ჩვენი გოგონას, სთორმის სიმბოლოა", - ამბობდა ვიდეოში კაილი.

ჯასტინ ბიბერი & სელენა გომესი

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი კიდევ ერთი მუსიკოსია, რომელიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ტატუებით აღნიშნავს. მან ამერიკელ მუსიკოს სელენა გომესთან ურთიერთობის პერიოდში მაჯის ზევით გოგონა გამოსახულება ამოისვირინგა ანგელოზის ფრთებით. 2016 წელს ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში კი გამოტყდა, რომ დაშორების შემდეგ ეს ტატუ დისკომფორტს უქმნიდა.

"ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულის გამოსახულებაა, ვცდილობდი, მისი სახე ჩრდილებით დამეფარა, თუმცა, ხალხმა მაინც იცის".

ფინქი & ქერი ჰართი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ფინქმა გამოცემასთან The Independent ინტერვიუში გაამხილა, რომ მან და მისმა ქმარმა, ქერი ჰართმა ჯერ კიდევ მეორე პაემანზე დაიწერეს ხელზე Tru Luv (ნამდვილი სიყვარული). როგორც აღმოჩნდა, წყვილს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიუღია - მათ 2006 წელს იქორწინეს. მართალია, ორი წლის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, 2010 წლიდან კვლავ ერთად არიან და ორ შვილს ზრდიან.

არიანა გრანდე & პიტ დევიდსონი

მომღერალმა არიანა გრანდემ 2018 წელს უსახელო თითზე Pete დაიწერა ყოფილი საქმროს, ამერიკელი კომიკოსისა და მსახიობის, პიტ დევიდსონის პატივსაცემად. თავად პიტმა კი თითზე მუსიკოსის ინიციალები A.G. ამოისვირინგა. არიანას და პიტს ერთად ყოფნის პერიოდში ერთმანეთთან დაკავშირებული სხვა არაერთი ტატუ აქვთ გაკეთებული.

მერაია ქერი & ნიქ ქენონი

პოპვარსკვლავმა მერაია ქერიმ და მისმა ყოფილმა ქმარმა, ნიკ ქენონმა 2008 წელს, ქორწილის წინ, ტატუები გაიკეთეს. ნიკმა ზურგზე საცოლის სახელი Mariah დაიწერა, ქერიმ კი კუდუსუნის ძვლის ზემოთ ფერადი პეპლის გამოსახულება დაიტანა წარწერით Mrs. Cannon (მისის ქენონი). დაშორების შემდეგ ქენონმა მერაიას სახელობის ტატუს რელიგიური შინაარსის სვირინგი გადაახატა. რაც შეეხება მერაიას, მან პეპლის გამოსახულება უფრო გაამკვეთრა ისე, რომ წარწერა წაშლილიყო.

ზეინ მალიკი & პერი ედვარდსი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ზეინ მალიკმა 2013 წელს, ჯგუფ Little Mix-ის წევრ პერი ედვარდსთან ურთიერთობისას, მხარზე გოგონას გამოსახულება ამოისვირინგა. ხოლო მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ შეყვარებულთან, სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდთან დაიწყო შეხვედრა, თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ არტისტს ტატუ უკვე გადახატული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ მისი და ჯიჯის პირველ შვილის, ქაის სახელი ამოისვირინგა არაბულ ენაზე.

ვიქტორია ბექჰემი & დევიდ ბექჰემი

ცნობილი ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილ წევრს, დიზაინერ ვიქტორია ბექჰემს და მის ქმარს, ყოფილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ერთმანეთთან დაკავშირებული არაერთი ტატუ აქვთ გაკეთებული. ვიქტორიას მარჯვენა მაჯაზე რომაული რიცხვები VIII.V.MMVI აწერია. 2006 წლის 8 მაისს წყვილმა ქორწინების ფიცი დადო და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გაიკეთა ვიქტორიამ ეს ტატუ. მის ქვემოთ კი ვკითხულობთ Together, forever, eternally (ერთად, სამუდამოდ, მარადიულად), რაც ქორწინების 10 წლისთავთან დაკავშირებით დაიწერეს მან და დევიდმა. მუსიკოსს ასევე ქმრის ინიციალები D.B. აქვს ამოსვირინგებული, ზურგზე კი აწერია I am my beloved’s and my beloved is mine (მე იმ ადამიანის ვარ, ვისაც ვუყვარვარ და ის ადამიანი ჩემია, რომელიც მიყვარს).

მარკ ენტონი & ჯენიფერ ლოპესი

გრემის მფლობელ ლათინოამერიკელ არტისტს, მარკ ენტონის მარჯვენა მაჯაზე ყოფილი ცოლის, პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესის სახელი ეწერა. წყვილი 2011 წელს დაშორდა, რის შემდეგაც მან ამ ადგილას ახალი სვირინგი გადაიხატა.

კეტი პერი & რასელ ბრენდი

2010 წელს ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ და მისმა მაშინდელმა საქმრომ, მსახიობმა რასელ ბრენდმა მარჯვენა ბიცეფსზე ერთნაირი წარწერები Go with the flow (მიყევი დინებას) გაიკეთეს სანსკრიტზე.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული