Thumbnail

ბილი აილიში: ამ კლიპის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, არტისტი გავმხდარიყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში თაყვანისმცემლებს ყოველთვის სანახაობრივ ვიდეორგოლებს სთავაზობს. ზოგიერთი მათგანის რეჟისორი 19 წლის არტისტი თავად გახლავთ, მათ შორისაა სიმღერების Everything I Wanted და Therefore I Am კლიპები. როგორც ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში ბილი იხსენებდა, 12 წლის ასაკში სწორედ ერთ-ერთი მუსიკალური ვიდეოს ხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არტისტი უნდა გამხდარიყო. გოგონას თქმით, მისი შთაგონების წყარო ნორვეგიელი მუსიკოსის, ავრორას სიმღერაზე Runaway შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გახდა.

ბილი აილიში: ორი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი

ბილი აილიშმა ბავშვობის საყვარელი კომპოზიციები დაასახელა

"ვიზუალი ხშირად ხდება ჩემი შთაგონების წყარო. როცა 12 წლის ვიყავი, ავრორას კლიპის Runaway ხილვისას, ჩემში რაღაცამ გაიელვა - თითქოს ეს ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეს მივაღწევდი თუ არა", - ამბობდა გოგონა.

ავრორას თქმით, ეს სიმღერა 11 წლის ასაკში პიანინოზე ერთ საათში დაწერა, კლიპით კი იმ განწყობის გადმოცემას შეეცადა, რომელიც მაშინ ჰქონდა.

"გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყო, არც ცხელოდა და არც ციოდა. ამიტომ მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა", - ამბობდა მუსიკოსი.

ავრორამ გამოცემა NME-სთან ინტერვიუში თავადაც ისაუბრა ბილი აილიშზე.

"ვფიქრობ, სამყაროს მეტი ისეთი არტისტი სჭირდება, რომელიც იმას აკეთებს, რაც თავად სურს. ბილი ძალიან კარგად მართავს საკუთარ ხმას. მას ახლა ყველა აღმერთებს, რადგან ძალიან მაგარია", - აღნიშნა არტისტმა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული