Thumbnail

როგორია ქანიე ვესთის პოზიცია კიმ კარდაშიანთან განქორწინების პროცესში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა, რომელიც, გამოცემა Forbes-ის ცნობით, უკვე ოფიციალურად მილიარდერია, თებერვალში ქმართან, გავლენიან ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან განქორწინებაზე სასამართლოში განაცხადი შეიტანა. მაშინ დასავლურ მედიაში დაიწერა, რომ რეპერიც იზიარებდა ცოლის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ დრო იყო, ერთმანეთს დაშორებოდნენ. თუმცა, აქამდე გაურკვეველი იყო, თანხვედრაში მოდიოდა თუ არა მხარეთა პოზიციები ისეთ საკითხთან მიმართებით, როგორიცაა ბავშვებზე მეურვეობა. გამოცემა TMZ-მ ახლახან ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუ როგორია რეპერის ოფიციალური მოთხოვნები განქორწინების პროცესში.

კიმ კარდაშიანი: ბრიტნი სპირსის კარგად მესმის, მედია მეც საშინლად მომექცა

"ქანიესაც ანალოგიური მოთხოვნა აქვს, რომ თავიანთ შვილებზე ერთობლივი მეურვეობა აიღონ. ეს არ ნიშნავს, რომ დრო ავტომატურად 50/50-ზე გადანაწილდება, მეტად სავარაუდოა, რომ ბავშვები უმეტესად დედასთან იქნებიან", - წერს ტაბლოიდი და იმასაც აღნიშნავს, რომ ისღა დარჩა, კიმმა და ქანიემ შვილებთან ყოფნის განრიგი შეადგინონ, რომელსაც სასამართლო დაამტკიცებს.

TMZ-ისვე ცნობით, არცერთი მხარე მეორისგან ფინანსურ მხარდაჭერას არ მოითხოვს.

"ქანიე ასევე ამბობს, რომ საკუთარი სასამართლო ხარჯები თავად უნდა დაფარონ", - წერს გამოცემა.

ერთადერთი განსხვავება მათ მიერ შევსებულ დოკუმენტებში იმაშია, რომ კარდაშიანმა განქორწინების კონკრეტული თარიღი მიუთითა, ვესთს კი ეს არ გაუკეთებია.

მედიის ცნობით, ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანთან კომუნიკაცია სრულად გაწყვიტა

მედიაში ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერიდან იწერებოდა იმის შესახებ, რომ წყვილი შორდებოდა, თუმცა, კარდაშიანი დროდადრო ჭორებს ინსტაგრამ პოსტების საშუალებით აბათილებდა, როცა ოჯახურ გარემოში დასვენების კადრებსა თუ ქანიეს მიერ მოწყობილი სიურპრიზების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდა.

"კიმი მოცდას ამჯობინებდა, სურდა, ამ ურთიერთობისთვის შანსი მიეცა. გასული წელი ლოდინში გაატარა. ახლა უკვე მოქმედების დროა. საქმე კონკრეტულ საქციელში არ ყოფილა. არავის არაფერი დაუშავებია. ისინი, უბრალოდ, დაშორდნენ. კიმი მომხდარს განიცდის, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ისედაც განქორწინებულებივით იყვნენ. უკვე ბევრი დრო გავიდა და კიმიც შვებას გრძნობს იმის გამო, რომ, როგორც იქნა, შეძლო ცხოვრების გაგრძელება", - ამბობდა მათთან დაახლოებული წყარო ჟურნალ E!-სთან საუბარში.

გამოცემა ქანიეს შესახებად წერდა:

"ძალიან უნდოდა, რომ მათ მცდელობას შედეგი გამოეღო. არ სურდა, კიმს განქორწინების პროცესის გავლა დასჭირვებოდა, მაგრამ ისიც იმ აზრზეა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, ქანიე კიმის სურვილებს გაგებით ეკიდება".

მედიის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილი მრავალი თვის განმავლობაში ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა. რეპერი უაიომინგის რანჩოში ამჯობინებდა ყოფნას, კიმი კი ლოს ანჯელესში შვილებთან. როგორც წყაროები ამბობენ, კარდაშიანისთვის გადამწყვეტი ქანიე ვესთის განცხადება აღმოჩნდა, როდესაც, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ატირებულმა საჯაროდ გაამხილა, რომ კიმი მათი პირველი შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამას დაერთო მუსიკოსის ბიპოლარული აშლილობა. ის საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას კარდაშიანების ოჯახს და კიმის დედას, კრის ჯენერს "კრის ჩენ ინს" უწოდებდა. ამის შემდეგ ტელევარსკვლავი უაიომინგში ჩავიდა, მოგვიანებით მათ ბავშვებთან ერთად გაატარეს რამდენიმედღიანი შვებულებაც, თუმცა, კიმმა მაინც განქორწინება არჩია.

კიმი და ქანიე უაიომინგში 

წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული