Thumbnail

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი DMX გარდაიცვალა

1990-2000-იანი წლების ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული არტისტი, ერლ სიმონსი, იგივე DMX, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

"მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი DMX, ერლ სიმონსი, 50 წლის ასაკში ვაით ფლეინს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ერლი იყო მეომარი, რომელიც ბოლო წამამდე იბრძოდა. მას თავისი ოჯახი მთელი გულით უყვარდა - ჩვენ ვაფასებთ იმ წუთებს, რომლებიც მასთან გაგვიტარებია. ერლის მუსიკა მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი საკულტო მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს. მადლობა ყველას იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ უკიდურესად რთულ პერიოდში გვაჩუქეთ. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენი ოჯახის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რადგანაც ჩვენ ვგლოვობთ ძმას, მამას, ბიძას და, უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც მსოფლიო იცნობდა, როგორც დიემექსს. მისი დაკრძალვის შესახებ დეტალებს ახლო მომავალში გავასაჯაროებთ", - წერია განცხადებაში, რომელიც რეპერის ოჯახის წარმომადგენელმა მედიას მიაწოდა.

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი საავადმყოფოში 3 აპრილს გულის შეტევით გადაიყვანეს, რაც ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი ვეგეტატიურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა.

რეპერის დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, მისივე თქმით, მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის იყო. სხვადასხვა დროს არტისტს კანონთან პრობლემებიც შექმნია აკრძალული ნივთიერებების შენახვისა და სხვა ნარკოდანაშაულების გამო. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში DMX სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობდა.

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. სიცოცხლის განმავლობაში მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ცნობილია, რომ დიემექსი ბოლო პერიოდში რიგით მეცხრე ალბომზე მუშაობდა, რომელშიც მონაწილეობა ჰიპ ჰოპ გაერთიანებას Griselda, გარდაცვლილ რეპერ ფოფ სმოუქსა და ჯგუფ U2-ს ვოკალისტს, ბონოს უნდა მიეღოთ.

DMX: ჩემს მომავალ ალბომში "გრიზელდას" წევრები და ფოფ სმოუქი მონაწილეობენ

► DMX: ბონოსთან ერთად ტრეკი Skyscrapers ჩავწერე, არაჩვეულებრივი გამოვიდა

კომენტარები

ბოლოს დამატებული