Thumbnail

ნახეთ: ფილმები The Beatles-ის წევრების მონაწილეობით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჯონ ლენონს, პოლ მაკკარტნის, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს არა მხოლოდ თავიანთი საკულტო ჯგუფის, The Beatles-ის შესახებ გადაღებულ კინონამუშევრებში მიუღიათ მონაწილეობა, როგორიცაა: A Hard Day's Night, Help!, Magical Mystery Tour და სხვა, არამედ სხვადასხვა მხატვრულ ფილმშიც შეუსრულებიათ დამოუკიდებლად როლები.

ლენონისა და მაკკარტნის პასუხები კითხვაზე - აწყობდა თუ არა "ბითლზი" ორგიებს

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ კინოსურათს, რომელშიც "ბითლზის" წევრები მონაწილეობენ.

How I Won the War (1967) - ჯონ ლენონი

პირველი ფილმი, რომელშიც კოლექტივის წევრმა ითამაშა, ამერიკელი რეჟისორის, რიჩარდ ლესტერის 1967 წლის სურათი How I Won the War გახლავთ, რომელშიც ჯონ ლენონი მონაწილეობს. სატირული ნამუშევარი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელი სარდლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯარისკაცებს ავალებს, რომ მტრის ბანაკის მახლობლად კრიკეტის მოედანი ააშენონ. ლენონი რიგით ჯარისკაცს, სახელად გრიპვიდს განასახიერებს.

The Magic Christian (1969) - რინგო სტარი

რინგო სტარი რეჟისორ ჯოზეფ მაკგრატის მიერ 1969 წელს გადაღებულ ფილმში The Magic Christian მონაწილეობს. სურათი ამერიკელი მწერლის, ტერი საუზერნის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. ნამუშევარში რინგო უსახლკარო ბიჭს, იანგმენს განასახიერებს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იშვილებს. მათი მიზანი ხდება, ხალხს დაუმტკიცონ, რომ სამყაროში ფულით ყველასა და ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი.

The Rutles: All You Need Is Cash (1978) - ჯორჯ ჰარისონი

1978 წელს კომედიური სატელევიზიო ფილმი The Rutles: All You Need Is Cash გადაიღეს. სურათი მუსიკალური ჯგუფის The Rutles შესახებ მოგვითხრობს, რომლის მიღმაც სწორედ ლეგენდარული ბრიტანული ბენდი The Beatles იგულისხმება. ნამუშევარში ჯორჯ ჰარისონი ჟურნალისტის როლს ასრულებს.

Eat the Rich (1987) - პოლ მაკკარტნი

1987 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა, პიტერ რიჩარდსონმა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის შესახებ კრიტიკული ფილმი Eat the Rich გადაიღო, რომელშიც პოლ მაკკარტნი მონაწილეობს. მუსიკოსი მდიდარი მამაკაცის როლს ასრულებს, რომელიც ერთ-ერთი წვეულების სტუმარია.

That'll Be the Day (1973) - რინგო სტარი

კიდევ ერთი ფილმი, რომელშიც რინგო სტარი მონაწილეობს, 1973 წელს გამოსული That'll Be the Day გახლავთ. სურათი ბრიტანელი თინეიჯერის, ჯიმ მაკლეინის შესახებ მოგვითხრობს. რინგო საზაფხულო ბანაკში მომუშავე ბარმენის, მაიკის როლს ასრულებს.

Caveman (1981) - რინგო სტარი

რინგო სტარი კიდევ ერთ ფილმში Caveman გვევლინება, რომელიც 1981 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. მუსიკოსი ერთ-ერთ გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანთა ლიდერს, ატუკის განასახიერებს, რომელსაც ტომის ბელადის ქალი უყვარდება.

The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული