Thumbnail

ჰიპ ჰოპის შესახებ ზედაპირული, სტერეოტიპული წარმოდგენების მქონე მსმენელს რეპი და რომანტიკა, ერთი შეხედვით, უჩვეულო კომბინაციად მოეჩვენება, თუმცა სინამდვილეში, სასიყვარულო გრძნობებისა თუ ურთიერთობების შესახებ განსაკუთრებით ეფექტურ და ორიგინალურ ნამუშევრებს ხშირად სწორედ ამ ჟანრის წარმომადგენლები ქმნიან.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ სიყვარულის შესახებ დაწერილ ათ გამორჩეულ ჰიპ ჰოპ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

10. UGK ft. OutKast - International Players Anthem (I Choose You)

ამ ჩანაწერში მონაწილე არტისტების მასშტაბის გათვალისწინებით, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, მათი თანამშრომლობის შედეგი შთამბეჭდავი არ გამოსულიყო. პოპულარულ ჯგუფს -UGK პარტნიორობა ლეგენდარული დუეტის OutKast წევრებმა André 3000 და Big Boi გაუწიეს. ჩანაწერის პროდიუსინგი კი ეპოქალური კოლექტივის Three 6 Mafia წარმომადგენლებს DJ Paul და Juicy J ეკუთვნით. ჰიპ ჰოპის გამოცდილ მსმენელებს დიდად ვერ გავაკვირვებთ იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ აქ განსაკუთრებით ანდრეს ვერსი ბრწყინავს - ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ემსის სასიყვარულო ურთიერთობებსა თუ რომანტიკულ განცდებზე საუბარი ყოველთვის ძალზე ეფექტურად გამოსდიოდა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა გახლავთ.

9. LL Cool J - I Need Love

1987 წელს ჯეიმს ტოდ სმიტი, იგივე LL Cool J ერთდროულად ჰიპ ჰოპის ამომავალი ვარსკვლავისა და გამოუსწორებელი ფლეიბოის სტატუსით სარგებლობდა. ახალგაზრდა არტისტი ამ ფაქტს საკუთარ ტექსტებში თავადაც ხშირად უსვამდა ხაზს, თუმცა სინგლში I Need Love ის მოულოდნელად მყარ ურთიერთობებსა და ჭეშმარიტ გრძნობებზე ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჟანრში შექმნილი ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად განსხვავებულ თემატიკას ეხებოდა, ამ კომპოზიციის გამოსვლასთან ერთად კი ხავერდოვანი, არენბის ელემენტებითა და სენტიმენტებით გაჯერებული ნამუშევრები მოდურ ტენდენციად იქცა. 

8. The Roots ft. Erykah Badu - You Got Me

ლეგენდარული ამერიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის ამ კომპოზიციის მისამღერი არენბი არტისტმა, ჯილ სკოტმა დაწერა. თუმცა, ლეიბლის MCA Records წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ, მისი შესრულება უფრო პოპულარული მუსიკოსისთვის მიენდოთ. შედეგად, სიმღერის საბოლოო ვერსიაში ჯგუფს პარტნიორობა კარიერის მწვერვალზე მყოფმა ერიკა ბადუმ გაუწია. რაც შეეხება ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ემსის, Black Thought-ის ვერსს, აქ კომენტარიც ზედმეტია. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ გენიალური სკოტ სტორჩის პროდიუსინგით შექმნილმა კომპოზიციამ 2000 წელს საუკეთესო რეპ პერფორმანსის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

7. Method Man ft. Mary J. Blige - All I Need (Razor Sharp Remix)

Method Man-ის ფსევდონიმით ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, კლიფორდ სმიტმა 1994 წლის სინგლი მაშინდელ მეგობარ გოგონას, თამიკას მიუძღვნა, რომელიც 2001 წლიდან მოყოლებული მისი ცოლია და უკვე სამი შვილიც ჰყავთ. კომპოზიციის მიერ მოპოვებულმა პოპულარობამ ეპოქალური კოლექტივის Wu-Tang Clan წევრს ნამუშევრის რამდენიმე განსხვავებული ვერსიის გამოცემისკენ უბიძგა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად კლანის დე ფაქტო ლიდერის, რობერტ დიგზის, იგივე RZA-ს მიერ შექმნილი რემიქსი შევარჩიეთ. არენბი ვარსკვლავთან, მერი ჯეი ბლაიჯთან ერთად ჩაწერილმა ტრეკმა 1996 წელს ჯგუფის ან დუეტის მიერ შესრულებული რეპ პერფორმანსის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

6. Common - The Light

ჩვენი სია ჰიპ ჰოპის უიმედო რომანტიკოსის ნამუშევრის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ლონი რაშიდ ლინის, იგივე Common-ის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს სწორედ სასიყვარულო ურთიერთობები იკავებს და ამ თემაზე მას სხვადასხვა დროს ათობით კომპოზიცია აქვს შექმნილი. მათ შორის ცალკე გამოყოფას, პირველ რიგში, 2000 წელს გამოცემული ჰიტი The Light იმსახურებს. ჩიკაგოელმა ემსიმ ეს სინგლი მაშინდელ მეგობარ გოგონას, ჩვენს სტატიაში უკვე ნახსენებ ერიკა ბადუს მიუძღვნა. ჩანაწერმა თავის დროზე მსმენელთა თუ კრიტიკოსთა მხრიდან ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და დღემდე რომანტიკული ჰიპ ჰოპ ტრეკის ერთგვარი ეტალონის სტატუსით სარგებლობს.

5. Tyler, the Creator ft. Kali Uchis - See You Again

ჟანრის ვეტერანი წარმომადგენლების შემდეგ ჩვენს სიაში ახალგაზრდა არტისტების ჯერიც დადგა. ამ ჩანაწერში ამერიკელ რეპერს, Tyler, the Creator-ის ფსევდონიმით ცნობილ ტაილერ გრეგორი ოკონმას პარტნიორობა კოლუმბიური წარმოშობის არენბი შემსრულებელმა, კალი უჩისმა გაუწია და მათი კოლაბორაციაც საუცხოო შედეგით დასრულდა. საინტერესოა, რომ See You Again მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომის Flower Boy ტრეკლისტში მინი ინტერლუდიას Sometimes… მოსდევს, რომელშიც უცნობი მამაკაცი რადიოგადაცემაში რეკავს და ითხოვს, მის შესახებ დაწერილი სიმღერა დაუკრან.

4. 2Pac - Do for Love

Do for Love ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის რიგით მეორე სინგლია, რომელიც მისი მკვლელობის შემდეგ გამოიცა. 1996 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი რეპერის ლირიკული შესაძლებლობების შესახებ, დიდი ალბათობით, სტატიის თითოეულ მკითხველს უჩვენოდაც მშვენივრად მოეხსენება, ამ ჩანაწერის ტექსტი კი მისი ტალანტის ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი დემონსტრირება გახლავთ. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა ემსიმ აქ მხოლოდ სამ ვერსში რომანტიკული ურთიერთობის თანმდევი პერიპეტიები - ეჭვიანობა, იმედგაცრუება, კონფლიქტი, განშორებით გამოწვეული სინანული, მელანქოლია და ის ყველაფერი ჩაატია, რისკენაც ადამიანს მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უბიძგოს.

3. The Pharcyde - Passin' Me By

ეს ჩანაწერი ლოს ანჯელესში 1989 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის The Pharcyde შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად პოპულარული გახლავთ. ეპოქალური კომპოზიტორის, ქუინსი ჯონსის ჩანაწერიდან Summer in the City ნასესხებ, დაუვიწყარ სემპლზე აგებულ ტრეკში დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპ სცენის ტრადიციები მთელი დიდებულებითაა წარმოდგენილი. კომპოზიციის ტექსტში კოლექტივის წევრები სკოლის დროინდელ სასიყვარულო განცდებსა და იმედგაცრუებებს იხსენებენ, თითოეულის ვერსი კი ისეთი კოლორიტით, ქარიზმითა და ლირიკული დიდოსტატობითაა გაჯერებული, რომ საუკეთესოს გამორჩევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

2. Kendrick Lamar ft. Zacari - LOVE.

1943 წლიდან მოყოლებული დღემდე საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისთვის დაწესებულ პულიცერის პრემიას კლასიკური მუსიკის, ავანგარდისა და ჯაზის ჟანრებში შექმნილი ნამუშევრები იგებენ. ეს ჰეგემონია პირველად 2017 წელს დაირღვა, როდესაც პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქენდრიქ ლამარმა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომით DAMN. შეძლო. ეპოქალური მნიშვნელობის ჩანაწერიდან გამორჩეულად დასამახსოვრებელი კომპოზიცია LOVE. გახლავთ, რომელიც კომპტონელმა რეპერმა, სავარაუდოდ, ცოლს მიუძღვნა. აქ სწორედ ისეთი ხარისხს შეხვდებით, როგორსაც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ დიდი ხნის წინ მიგვაჩვია.

1. A Tribe Called Quest - Bonita Applebum

ლეგენდარული ჯაზ მუსიკოსის, მაილს დევისის ფილოსოფიით ინსპირირებული Bonita Applebum საკულტო ჰიპ ჰოპ ჯგუფის A Tribe Called Quest დისკოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. კომპოზიციის ტექსტის მონახაზი გაერთიანების ლიდერმა, Q-Tip-ის ფსევდონიმით ცნობილმა ქამალ ფარიდმა 15 წლის ასაკში შექმნა და მოარული ჭორის თანახმად, თანასკოლელ გოგონას მიუძღვნა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკის ფაქტობრივად უნაკლო პროდაქშენი, სადაც ხუთი სხვადასხვა წყაროდან ნასესხები სემპლები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და იმ განუმეორებელ, ჯადოსნური სიმსუბუქით აღსავსე ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ამ ნიუ იორკული ჯგუფის შემოქმედებასთან ასოცირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული