Thumbnail

მუსიკალური მაღაზიების დღეს The Clash-ისა და The Cranberries-ის ფირფიტები გამოიცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკალური მაღაზიების დღესთან დაკავშირებით ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Clash-ისა და ცნობილი ირლანდიური ბენდის, The Cranberries-ის ფირფიტები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. "ქლეშის" სინგლის If Music Could Talk და The Cranberries-ის stars: the best of 1992-2002-ის შეძენა 17 ივლისს იქნება შესაძლებელი. შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ს გადაეცემა, რომელიც ომისგან დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება.

ამასთან, მუსიკალური მაღაზიების დღესთან დაკავშირებით გაიყიდება EP-იც სახელწოდებით Help, რომელშიც ისეთი ცნობილი არტისტების ნამუშევრები შევა, როგორებიც არიან: Radiohead, Portishead, PJ Harvey და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური მაღაზიების დღე დიდ ბრიტანეთში 12 ივნისს აღინიშნება. თუმცა, ახალი ნამუშევრების გამოშვება ივლისშია დაანონსებული.

The Clash ქალაქ ლონდონში 1976 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ბრიტანული პანკ როკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბენდს არსებობის განმავლობაში 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1979 წელს გამოქვეყნებულმა ნამუშევარმა London Calling მოუტანა. 2003 წელს The Clash როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

The Cranberries კი ქალაქ ლიმერიკში 1989 წელს შეიქმნა. ბენდმა კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა 1993 წელს ჩაწერილმა ჰიტმა Zombie მოუტანა. ჯგუფის სოლისტი დოლორეს ო'რიორდანი 2018 წლის 15 იანვარს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული