Thumbnail

Funk Flex: მუსიკოსები DMX-ს უნდა დახმარებოდნენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ნიუ იორკელი დიჯეი, პროდიუსერი და რადიოწამყვანი, ასტონ ტეილორ უმცროსი, ფსევდონიმით Funk Flex, ნარკოტიკების ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვედრილი ლეგენდარული რეპერის, დიემექსის მძიმე მდგომარეობას გამოეხმაურა. გამოცემა Page Six-თან ინტერვიუში ფანქ ფლექსმა ჟანრის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მუსიკოსები ერთმანეთს მეტად უნდა ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ.

რეპერი DMX საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

ემინემი: DMX, გთხოვ, გამაგრდი

"მუსიკის ინდუსტრია სასტიკია. არ ვამბობ, რომ ხალხი ერთმანეთს არ ეხმარება, თუმცა, ხშირად, როდესაც ვარსკვლავი მენტალურ ან სხვა სახის პრობლემას უჩივის, მას მეტად უნდა დავუდგეთ გვერდში. დიდი ფულის შოვნა ზოგჯერ ცხოვრების ავტომატურ გაუმჯობესებას არ გულისხმობს. დიემექსი ამის ნათელი მაგალითია. ბავშვობაში მიღებული ტრავმის შემდეგ წარმატებულმა კარიერამ მას პოპულარობა და შესაძლებლობები გაუჩინა.

თქვენ დიემექსთან ერთად გადაღებულ სურათს ინახავთ. მის დასახმარებლად კი 10 წელი, თუნდაც 5 წელი არაფერი გაგიკეთებიათ, არც კი დაგირეკავთ და მოგიკითხავთ. ნიფსი ჰასლის გარდაცვალების შემდეგ ყველა რეპერი მის ქალაქში გაემგზავრა და პატივი მიაგო. მაგრამ სად იყავით მის სიცოცხლეში? ყველაზე მეტად მაშინ სჭირდებოდით", - განაცხადა ფლექსმა.

 

1990-2000-იანი წლების ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული არტისტი, ერლ სიმონსი, ფსევდონიმით DMX, საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარებაში იმყოფება. გასულ პარასკევს 50 წლის რეპერს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მიღების შედეგად გულის შეტევა დაემართა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა და მისი ტვინის ფუნქციონირების აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ბრონქსელმა ფანქ ფლექსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ღვაწლმოსილი წარმომადგენელია. თავდაპირველად არტისტმა სახელი ლოკალურ ღამის კლუბებში დიჯეინგით გაითქვა. დღეისთვის კი ტეილორის დისკოგრაფია 6 ალბომისგან შედგება, რომელთაგან 4 ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკალური კარიერის პარალელურად, ფანქმა ფართო საზოგადოების ყურადღება არაერთი წარმატებული საავტორო პროექტით დაიმსახურა. მაგალითად, 1992 წელს ის რეპის შესახებ შექმნილი პირველი რადიოგადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული