Thumbnail

ემინემი: DMX, გთხოვ, გამაგრდი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

1990-2000-იანი წლების ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული არტისტი, ერლ სიმონსი, ფსევდონიმით DMX, საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარებაში იმყოფება. გასულ პარასკევს 50 წლის რეპერს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მიღების შედეგად გულის შეტევა დაემართა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა და მისი ტვინის ფუნქციონირების აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რეპერი DMX საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

მომხდარმა მისი ოჯახისა და გუნდის წევრები, ჟანრის წარმომადგენლები და ერლის თაყვანისმცემლები გააერთიანა. ემსის ფანები ვეტერან შემსრულებელს კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან ამხნევებენ, კოლეგები კი ძირითადად მხარდაჭერას სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ. ერთ-ერთი ასეთი ეპოქალური მუსიკოსი ემინემი გახლდათ.

"დიემექსისა და მისი ოჯახისთვის ვლოცულობ. შენ ნამდვილი ლეგენდა ხარ. გვერდში გიდგავართ. გთხოვ, გამაგრდი", - დაწერა დეტროიტელმა.

ემინემი და დიემექსი ჰიპ ჰოპის ერთი თაობის, თუმცა, სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად მათი დისკოგრაფია ჟღერადობით საგრძნობლად განსხვავდება. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, კოლეგებმა ერთადერთხელ, 2003 წლის კომპოზიციაზე Go To Sleep ითანამშრომლეს. არსებული ცნობებით, მაშინ რეპერები ნიუ იორკელმა შემსრულებელმა, ჯა რულმა გააერთიანა. იმ დროისთვის დიემექსი და ემინემი ჯა რულთან დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ნამუშევარი კი სწორედ ამ უკანასკნელის დის-ჩანაწერია.

დიემექსის დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, მისივე თქმით, მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის იყო. სხვადასხვა დროს, არტისტს კანონთან პრობლემებიც შექმნია აკრძალული ნივთიერებების შენახვისა და სხვა ნარკოდანაშაულების გამო. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში DMX სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობდა.

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. დღემდე მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული