Thumbnail

ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერა The Beatles-ის შემოქმედებიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ჰიტი Here Comes the Sun მუსიკალურ პლატფორმებზე ბენდის ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიციაა. გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში კოლექტივის ყოფილმა დრამერმა, რინგო სტარმა განაცხადა, რომ ნამუშევარი ასეთ შედეგს ნამდვილად იმსახურებს.

რინგო სტარს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ფიქრობს The Beatles-ის წევრებზე

"Here Comes the Sun იმსახურებს, რომ The Beatles-ის ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერის სტატუსი ჰქონდეს. ულამაზესი კომპოზიციაა, არაჩვეულებრივი არანჟირებითა და, რა თქმა უნდა, დრამის პარტიით. ჯორჯ ჰარისონი და მე სხვადასხვანაირად ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო დრამი - მას უფრო ინდური კლასიკური მუსიკის გავლენა ჰქონდა", - იხსენებს რინგო.

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, სხვადასხვა სტრიმინგ სერვისზე Here Comes the Sun-ის მოსმენებმა 600 მილიონს გადააჭარბა.

Here Comes the Sun ჯგუფის მიერ 1969 წელს გამოცემულ ალბომში Abbey Road არის წარმოდგენილი. კომპოზიციის ავტორი ჯორჯ ჰარისონი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარში ჯონ ლენონი არ მონაწილეობს და ის კოლექტივის სამმა წევრმა, პოლ მაკკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა ჩაწერეს. სიმღერა არაერთ ცნობილ არტისტს აქვს დაქავერებული, მათ შორის არიან: ნინა სიმოუნი, ჯორჯ ბენსონი და სხვები.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის ყველა ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვებაც შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ნამუშევარი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული