Thumbnail

EXO-ს ბექჰიონი ჯარში თავის დაბადების დღეზე წავა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრმა, ბექჰიონმა დაადასტურა, რომ ჯარში მომავალი თვიდან წავა. როგორც არტისტმა თაყვანისმცემლებს აპლიკაციის Lysn საშუალებით ამცნო, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 6 მაისიდან ჩაერთვება, რაც მისი დაბადების თარიღია. მუსიკოსი, რომელსაც 29 წელი უსრულდება, ამბობს, რომ შეეცდება, ფანებმა მისი არყოფნა ვერ იგრძნონ.

ნახეთ: EXO-ს ბექჰიონი ალბომს და კლიპს Bambi ავრცელებს

"ეს სამუდომო განშორება არ არის. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ ეს მცირე დრო ჩემს ლოდინში, დარდსა და მონატრებაში გაატაროთ, სხვადასხვა საშუალებას გამოვნახავ, რომ კვლავ ერთმანეთის სიახლოვეს ვიგრძნოთ თავი. მაშინაც კი, თუ ამას განსხვავებული ფორმა ექნება. ვაპირებ, მეტი ვიმუშაო და ბევრი რამ მოგიმზადოთ სამომავლოდ", - წერს ის.

არტისტის ლეიბლის SM Entertainment განცხადებით, სამკვირიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ბექჰიონი სოციალური მუშაკის პოზიციაზე განაგრძობს მსახურებას, რადგანაც მას ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ჰიპოთირეოზი აქვს. მუსიკოსი "ექსოს" მეექვსე წევრია, რომელიც ჯარში გაიწვიეს. შიუმინმა და დიომ უკვე დაასრულეს მსახურება, სუჰო, ჩანიოლი და ჩენი კი ამ დრომდე ჯარში რჩებიან.

სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახური დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გრძელდება და 18 წლიდან ნებაყოფლობითია, 28 წელს მიღწეულთათვის კი სავალდებულო. გამონაკლისი კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე. ცოტა ხნის წინ მათ ჩამონათვალს BTS-ის წევრები შეუერთდნენ, როგორც კეიპოპ არტისტები, რომლებსაც კულტურული დამსახურების ორდენი აქვთ მიღებული.

სამხრეთ კორეის პარლამენტი BTS-ის წევრებს ნებას აძლევს, ჯარში 30 წლამდე არ წავიდნენ

ბექჰიონმა კარიერა 2012 წელს EXO-ში მოღვაწეობით დაიწყო. მან ჯგუფთან ერთად სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოებაზე გამარჯვება 16-ჯერ მოახერხა. კოლექტივის მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War კი 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. ამასთან, მუსიკოსს სამი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული, მათგან ბოლო, Bambi პირველ აპრილს გაავრცელა. ჯგუფში მოღვაწეობისა და სოლო კარიერის პარალელურად, ბექჰიონი სუპერჯგუფის SuperM წევრიც არის და არაერთ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული