Thumbnail

რეპერი DMX საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი, ერლ სიმონსი, ფსევდონიმით DMX, გულის შეტევით ნიუ იორკის შტატის ქალაქ ვაით პლეინსის საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა TMZ-მ გაავრცელა, რომელიც, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ შეტევა ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებამ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, 50 წლის რეპერი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

DMX: ბონოსთან ერთად ტრეკი Skyscrapers ჩავწერე, არაჩვეულებრივი გამოვიდა

"პარასკევს ღამით DMX-მა საკუთარ სახლში გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ის რეანიმაციაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ერლი მთელი თავისი ცხოვრება მეომარი იყო. ახლა უკვე მორიგ გზას დაადგა, რომელიც უნდა გადალახოს. სიმონსის ოჯახი აფასებს იმ სიყვარულს, მხარდაჭერასა და ლოცვას, რომელსაც ერლი იღებს. მისმა ცხოვრებამ და მუსიკამ მსოფლიოში ბევრ ადამიანს მისცა ძალა და შთაგონება. სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ უბრუნებენ ფანები ამ რთულ მომენტში მას იმავე ენერგიასა და ენთუზიაზმს, რაც თავად აქვს გაცემული", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არტისტის წარმომადგენელმა "თიემზის" მიაწოდა. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ რეპერის შვილები მამის სანახავად ნიუ იორკში ჩავიდნენ. ცნობისთვის, მუსიკოსს 15 შვილი ჰყავს.

დიემექსის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. 4 აპრილს თავად მუსიკოსის ადვოკატმა, მიურეი რიჩმენმა მედიას აცნობა, რომ რეპერი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და უკვე დამოუკიდებლად სუნთქავდა. თუმცა, მოგვიანებით, განმარტა, რომ მას "არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს". ასევე დაიწერა იმასთან დაკავშირებითაც, რომ სიმონსის ტვინი მუშაობა მცირედით, თუმცა, მაინც შეინიშნებოდა, ზოგი კი ამბობდა, რომ არტისტი ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება - სძინავს, ფხიზლდება, თუმცა, მისი გონება არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება TMZ-ის ინფორმაციას ზედოზირებასთან დაკავშირებით, რიჩმენმა აღნიშნა:

"ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს".

დიემექსს არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის მუსიკოსებმა უსურვეს გამოჯანმრთელება.

"ვლოცულობ დიემექსისა და მისი ოჯახისთვის", - წერს გავლენიანი ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი Missy Elliott ტვიტერზე.

"ერთხელ დიემექსმა ჩემთვის ილოცა. მე ვგრძნობ მის ძალას. ვლოცულობ, რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს", - დაწერა ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა Chance The Rapper.

"ვლოცულობ ჩემი ძმისთვის", - წერს ნიუ ორლეანელი მუსიკოსი Big Freedia.

რეპერის დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, მისივე თქმით, მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის იყო. სხვადასხვა დროს, არტისტს კანონთან პრობლემებიც შექმნია აკრძალული ნივთიერებების შენახვისა და სხვა ნარკოდანაშაულების გამო. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში DMX სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობდა.

DMX: ჩემს მომავალ ალბომში "გრიზელდას" წევრები და ფოფ სმოუქი მონაწილეობენ

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. დღემდე მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მუსიკოსი რიგით მერვე ალბომზე აქტიურად მუშაობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული