Thumbnail

ბილი აილიში: ორი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

29 მარტს პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომს When We All Fall Asleep, Where Do We Go? ორი წელი შეუსრულდა. მომღერალმა რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში, ზეინ ლოუსთან ინტერვიუში განმარტა, რომ ჩანაწერში შესული რამდენიმე კომპოზიციის შთაგონების წყარო ძილის პარალიზი, ღამის კოშმარები და გააზრებული სიზმრები გახდა.

KISS-ის ჯინ სიმონსი: ბილი აილიში უნიკალური მუსიკოსია

რინგო სტარი: ბილი აილიში საოცარი მუსიკოსია

"ჩემი სადებიუტო ალბომი ეხება იმას, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც გვძინავს. ჩანაწერში შესული სიმღერები დაკავშირებულია ძილის დარღვევებთან - პარალიზთან. კოშმარებთან, აგრეთვე, გააზრებულ სიზმრებთან. ხშირად გამომიცდია ძილის ტერორი, ხუთჯერ ძილის პარალიზი მქონდა, სიზმრებს კი თავად ვაკონტროლებ - რასაც არ უნდა ვხედავდე, ყოველთვის ვიცი, რომ რეალობა არ არის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაც დამსიზმრებია, მეორე დღეს მომხდარა. ეს ძალიან უცნაურია. იყო მომენტი, როდესაც ორი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი, რაც მანადგურებდა. ამ ფაქტმა ყველაფერზე იქონია გავლენა, ჩემს ხედვებზე, ფიქრებსა და ადამიანებთან კონტაქტზეც", - ამბობს ბილი.

ბილიმ ასევე განმარტა, რომ ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერა Bury a Friend სწორედ ძილის პარალიზზეა დაფუძნებული.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული